დავით გარეჯი ჩვენთვის არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი და ის აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი, მე გახლავართ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში მისაღები არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავით გარეჯის საკითხში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდეს, არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. ჩვენ როგორც ხელისუფლება ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ სამართლებრივი, გამჭირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც არსებობს. მაგრამ დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ჩვენ კონსტიტუციით და კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყდეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.