ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დირექტორის და სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.
“მთავარის” იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თეატრის დირექტორს სულხან გოგოლაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ კი განცხადება დაწერა, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა, თუმცა წყაროს ინფორმაციით, თავაძეს განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა ქუთაისში, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები თანამდებობას “საკუთარი სურვილით” ტოვებენ. გასულ წელს მინისტრმა წულუკიანმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვა ასევე ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თორნიკე მარჯანიშვილს, რომელიც პოსტიდან წავიდა.
რეჟისორი გიორგი თავაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გასული წლის მარტში დაინიშნა.
“პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავაძე აღნიშნულ პოზიციაზე ოთხი წლის ვადით უნდა ყოფილიყო.