ენმ-ის არჩევნებში გამარჯვება – წყევლა თუ დალოცვა? – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

ნაცმოძრაობა დღეს, როგორც 20 წლის წინ, კვლავაც პიონერია. საქართველოს ისტორიაში პირველად პარტიის 50 ათასამდე წევრი, ორდღიან მარათონში, ელექტრონულად ირჩევს თავმჯდომარეს, რაც უდავოდ იმაზე მეტყველებს, რომ ამ პარტიაში შიდა დემოკრატიისა და კონკურენციის საკმაოდ მაღალი ხარისხია.

ნამდვილად არ ვიცი ამ არჩევნებს ვინ მოიგებს, და არც იმაზე ვიმსჯელებ პარტიისთვის თუ ქვეყნისთვის ვისი გამარჯვებაა უკეთესი. მიმაჩნია, რომ დღეს ბევრად მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის აირჩევენ ნაცმოძრაობის თავმჯდომარედ, არამედ ის, თუ რას გააკეთებს ახალარჩეული თუ მანდატ განახლებული ლიდერი და რა არის ის მთავარი მისია, მოლოდინები და გამოწვევები, რაც არსებულ ვითარებაში ოპოზიციის ყველაზე დიდი პარტიის ხელმძღვანელობის წინაშე დადგება. ანუ, დღეს ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობა მისალოცი და სასურველი თანამდებობაა, თუ წყევლა და პრობლემების გროვა, რისი ზიდვაც ნებისმიერს გაუჭირდება.

თუ შენ ხარ ის ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ, რომელსაც ესმის რომ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება მართლაც წარმოუდგენელ შინაგან ძალას, ენერგიას და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ გაქვს ამის ამბიცია და შესაძლებლობა, მაშინ ამაზე კარგი დრო და შანსი არ არსებობს. ეს ძალიან ჰგავს ვითარებას, როდესაც იბარებ დასუსტებულ, კრიზისში შესულ ბრენდულ კომპანიას, თუმცა იცი, რომ გაქვს უნიკალური შანსი სწორი ნაბიჯების შემთხვევაში მას ძველი დიდებაც დაუბრუნო და კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანო. მაგრამ, ამ შესაძლებლობას მაღალი რისკიც მოჰყვება, რადგან თუ დაღმასვლა ვერ შეაჩერე და შენი მოუმზადებელი და გაუთვლელი რადიკალური ნაბიჯებით კიდევ უფრო დასუსტებ და დაშლისკენ წაიყვანე ერთ დროს დიდების ზენიტში მყოფი კორპორაცია, ადვილი მისახვედრია, რომ ჯოხი საბოლოოდ შენზე გადატყდება. არადა, რისკები მართლაც ძალიან მაღალია. საქართველოში ავტორიტარიზმის უსწრაფესი კონსოლიდაცია მიმდინარეობს; მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკიდურესად დამძიმებულია; მოსკოვის გრავიტაციის ზონაში იმდენად ღრმად შევდივართ, რომ იქიდან გამოსვლას და ალტერნატიულ სივრცეში გადანაცვლებას, შესაძლოა დიდი დრო და საერთოდაც ეპოქა დაჭირდეს; ივანიშვილის ფინანსური, პროპაგანდისტული, ადმინისტრაციული კომპონენტებისგან შემდგარი რეპრესიული მანქანა, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ანალოგი არ მოეძებნება და ზურგს კრემლი და საზოგადოების დიდ ნაწილში ღრმად კულტივირებული ომის შიში უმაგრებს, არსად გამქრალა. რაც ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს დრო ძალიან ცოტა ექნება. მან უნდა გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე, შეაჩეროს რუსეთთან დაახლოება და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, რაც ოცნების ხელისუფლების დასუსტების და მშვიდობიანი ცვლილების გარეშე ფაქტობრივად შეუსრულებელი მისიაა. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ნაცმოძრაობის არჩევნებში, ბოლომდე უნდა ესმოდეს, რომ არც მისი განახლებული მანდატი და არც პარტიის დღეს არსებული ძალა ცალკე აღებული, მიზნის მისაღწევად საკმარისი არ იქნება. ამოცანის შესასრულებლად საჭიროა, ერთის მხრივ, პარტიული ინფრასტრუქტურის გამართვა-გაძლიერება და მხარდამჭერების უზარმაზარი რესურსის მობილურ ძალად ქცევა; მეორეს მხრივ, პარტიის გარეთ, პოტენციური პარტნიორების რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანება და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, საზოგადოებრივ და სამოქალაქო ჯგუფებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნა; და ბოლოს – საგარეო ფრონტის მობილიზება და დასავლეთიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება.

აშკარაა, რომ დრო არ ითმენს, პროცესი კი ძალიან აჩქარებულია. თუმცა, იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობაც. არადა უნდა მოახერხო, როგორც პარტიის ერთობის შენარჩუნება და გაძლიერება, ისე ახალი, უფრო ფართო ოპოზიციური ერთობის შექმნა და სიმძიმის ცენტრად ჩამოყალიბება და ამავე დროს საგარეო ლეგიტიმაციის მიღება. მაშინ, როდესაც ის ფაქტორები, რომლებმაც ნაცმოძრაობის ლიდერის წინააღმდეგ უკმაყოფილების მოზღვავება გამოიწვია, ჯერ-ჯერობით ისევ ადგილზეა. ივანიშვილს კვლავაც აქვს აშკარა უპირატესობა: მისი რეპრესიული სისტემა უზრუნველყოფილია ფინანსურადაც, პროპაგანდისტულადაც და გეოპოლიტიკურადაც. რუსეთი დღეს უფრო ახლოსაა ჩვენთან ვიდრე დასავლეთი. მოსკოვს ოცნებაზე ფსონი უკვე გაკეთებული აქვს, მაშინ, როდესაც დასავლეთი ივანიშვილის ალტერნატივის ძებნაშია, რისი ჩამოყალიბებაც ნაცმოძრაობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაცაა, რომ ოპოზიციის ყველაზე მსხვილ პარტიას და მის მომავალ ლიდერს დღეს არა მარტო საკუთარი თავის ან პარტიის, არამედ მთლიანად ოპოზიციის და ქართული პოლიტიკის მომავალი აბარია, რის გამოც მას ფალსტარტსა და სერიოზულ შეცდომას უკვე აღარავინ აპატიებს. არჩევნების შედეგი ხომ საინტერესოა და უფრო მეტად მერე როგორ წავა საქმე: ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სტატუსი გამარჯვებულს დალოცვად შეერგება თუ წყევლად?!..

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share