ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა – რა სფეროში საქმიანობენ სუბიექტები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული – 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ.

ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 19 190 – ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 3 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დარეგისტრირებული რუსული და ბელარუსული კომპანიების დიდი ნაწილის შემთხვევაში საქმიანობის სფერო მითითებული არ არის. მითითებულ შემთხვევებში კი, ყველაზე მეტი სუბიექტი შემდეგ სფეროებში ოპერირებს:

  • კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები – 886
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები – 327
  • საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში – 96
  • კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები – 87
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა – 24
  • სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა – 19
  • სხვა განათლება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი – 16
  • რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები – 4
  • გადაზიდვის მომსახურება – 3
  • საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება – 2
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share