ოთხი შვილის დედას დღეს იმის დაჯერება უჭირს, რასაც მისი 7 წლის შვილი ჰყვება. საქმე უმძიმეს დანაშაულს, გაუპატიურებას ეხება. სავარაუდო მოძალადე 30-წლამდე მამაკაცი, მსხვერპლი კი, მეორეკლასელი ბიჭია. ბავშვი ძალადობაში ბიძას, დედის ძმას ადანაშაულებს.
ძალადობის დაუჯერებელ ისტორიას “კურიერს” სკოლაშიც უყვებიან. ბავშვმა საზარელი დანაშაულის შესახებ საუბარი სწორედ იქ დაიწყო. პირველი ვინც, გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მანდატური იყო. მოსწავლემ სკოლის თანამშრომელთან ძალადობის ფაქტი დეტალურად აღწერა.
ძალადობის ამ შემთხვევაზე, სამართალდამცველებს სკოლიდან აცნობეს. ეს მას შემდეგ, რაც დირექტორი მშობელს ესაუბრა, თუმცა მან მომხდარზე რეაგირება თავად არ მოახდინა.
სავარაუდო მოძალადე უკვე გისოსებს მიღმაა. ბრალის წარდგენის შემდეგ, გაუპატიურების საქმის წარმოება გორის რაიონულ სასამართლოს დაევალა. მამაკაცს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
მსხვერპლთან ფსიქოლოგები მუშაობენ. საბრალდებო სკამზე მჯდომ მოძალადე ბიძას კი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახლა გამოძიებამ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებასთან ერთად ისიც უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა დანაშაულს სისტემატური ხასიათი.
წყარო: „რუსთავი2″