კარტოგრაფების მხარდაჭერის შემდეგ, დანიაში საქართველოს ელჩი რეზერვში გადაჰყავთ

გიგიაძე თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა, თუმცა, მისთვის სხვა თანამდებობა ჯერ არავის შეუთავაზებია. ფორმულას ინფორმაციით, რეზერვში მას სწორედ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერისთვის უშვებენ – საკითხი უმაღლეს დონეზე გადაწყდა. გიგიაძემ ფორმულას უთხრა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4-წლიანი ვადა და რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ამის მიზეზი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმე. გიგი გიგიაძე კარიერული დიპლომატია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ის დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ის ერთადერთია ქართველ დიპლომატთა შორის, რომელმაც ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერა გამოუცხადა. 7 ოქტომბერს, კარტოგრაფების დაკავების დღეს გიგიაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია. მისი თქმით, მელაშვილი საქართველოს პატრიოტი და პროფესიონალია და იმედი გამოთქვა, რომ “სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”. მომდევნო დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ გიგიაძეს ხელისუფლებისთვის “უნდა ეკითა მანამ, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებდა”. ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, გიგი გიგიაძემ კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით “უხეშად დაარღვია დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share