ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, პრეზიდენტს ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან უცნაურად გამოიყურება ქალბატონი სალომეს განცხადება. ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა პრეზიდენტისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა თავშია. არ ვგულისხმობ მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს. პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, რომ შეესრულებინა ის მინიმალური ფუნქციებიც კი, რომელიც მას ჰქონდა და აქვს მინიჭებული კონსტიტუციით, დღეს ქვეყანაში სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა. დაწყებული სასამართლოების შესახებ კანონზე ვეტოთი, რომელიც ძალიან სერიოზული განაცხადა იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა ვეტოს გადალახავდნენ თუ არა. ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო.
მე შემიძლია დავეთანხმო პრეზიდენტს, რომ ბრალეულობის გარკვეული წილი ოპოზიციასაც აქვს, ხელისუფლებაზე აღარ ვლაპარაკობ, გასაგებია ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ბრალიცაა იმაში, რომ დღეს ქვეყანა ამ დღეშია. ოპოზიციის არათანმიმდევრულობა, ის რომ გაერთიანება ვერ შეძლო, როცა ყველაზე ძლიერი იყო, დაქსაქსულობის დაწყება საპარლამენტო მანდატების გამო, მაგრამ ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა ამ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.