150 დეპუტატის ნაცვლად პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინეს- თალაკვაძე ოპოზიციაზე

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს მეტი საქმეზე ორიენტირებული პარტია, იყოს მეტი დიალოგი, მეტი თანამშრომლობა, ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებმა არ გამოიყენეს ის ცვლილებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა და ამის ნაცვლად იმაზე დავობენ, თუ ვინ იქნება წამყვანი ძალა კოალიციაში.

„ამ საუბარს ვუსმენთ იმის ნაცვლად, რომ დღეს ამ პარტიებმა საზოგადოებას აუხსნან თუ რის გაკეთებას აპირებენ, რა არის მათი კონკრეტული გეგმები საქართველოს მასშტაბით, ადგილებზე, ვინ არიან ლიდერები, ვინც ამას შეძლებს. ამის ნაცვლად კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრი და წარმოადგინეს 150-ზე მეტი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის პოზიციაზე და ამას საზოგადოება უყურებს. რაც შეეხება კოალიციას, კოალიცია უნდა იყოს თუ არა, ამას ჩვენი საზოგადოება არცერთ ამ ოპოზიციის ლიდერს არ ჰკითხავს. მერწმუნეთ, რომ ამაზე საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს არჩევნებით და არჩევნები გვიჩვენებს, ჩვენს საზოგადოებას კოალიცია უნდა თუ უნდა, რომ ძლიერ და ქმედით პარტიას ჩააბაროს მომავალზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყნაში მშვიდობის დაცვა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების ჩატარება. „ქართული ოცნება მზად არის მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share