დღეს ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის თავდაცვის ძირითადი შესაძლებლობების დროულად მიწოდების აუცილებლობას.
შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის მიმართ ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ.
“უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. ნაცვლად ამისა, ის ახალ შეტევას ამზადებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება. ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას მანამ, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, რომლებიც ნატოს ღირებული პარტნიორები არიან და რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე დგანან.”თქვა სტოლტენბერგმა.