“ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა” – სვიმონ დადიანის ნათესავები წულუკიანს

მხატვარი სვიმონ დადიანის ნათესავები გენინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან მხატვრის ნამუშევრების გატანის შესახებ თეა წულუკიანსა და კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ.

წერილს მხატვრის დის შვილიშვილი მია ღვინიაშვილი ავრცელებს.

დადიანის შთამომავლების ლია და მიხეილ ვოდეს ცნობით, მათ სვიმონ დადიანის საკუთრებაში არსებული 22 ნამუშევარი 2017 წელს თავად მხატვრის სურვილით გადასცეს “რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე” – ახლობლების ცნობით, განაცხადა სვიმონ დადიანმა სიცოცხლეშივე.

ნათესავების ცნობით, ამ მიზნით მიმართეს სალომე ზურაბიშვილს და მისი შუამდგომლობით “სვიმონ დადიანის სურვილი აღასრულეს”.

მხატვრის ახლობლები აცხადებენ, რომ, როგორც მათთვისაა ცნობილი, “საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის”, პრეზიდენტის სასახლე კი ამის შესაძლებლობას იძლევა.

მათი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ „სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს”.

“ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა” – მიმართავენ სვიმონ დადიანის ნათესავები თეა წულუკიანს და მოუწოდებენ, შეასრულონ საქართველოს სახელმწიფოს  მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება და ნება დართონ მოსახლეობას, იხილონ ეს ნამუშევრები.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share