ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტი უკრაინაში და გზავნილი რუსეთს კიევიდან. ბაიდენის კიევში ჩასვლა გასაიდუმლოებული იყო და ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა.
ბაიდენი უკრაინას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ეწვია, შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას ამერიკის მხარდაჭერის აღუთქვა. მან თქვა, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ბაიდენი ამბობს, რომ პუტინს ეგონა მათზე დიდი გამძლეობა ექნებოდა, მაგრამ შეცდა. მან ზელენსკის, როგორც ფინანსური დახმარება, ასევე იარაღით დახმარების მხარდაჭერა აღუთქვა. ბაიდენმა უკრაინაში რამდენიმე საათი დაჰყო და დღის მეორე ნახევარში კიევი დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა.
გასაიდუმლოებული ვიზიტის ამსახველი კადრები უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში, მიხაილოვსკაიას მოედანზე გადაადგილდება. ვიდეოში ისმის საჰაერო განგაშის ხმაც.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ბაიდენმა ისაუბრეს შორი მოქმედების იარაღზე და იმ იარაღზე, რომელიც შეიძლება კვლავ მიეწოდოს უკრაინას, მათ შორის იარაღებზე, რომელიც კიევისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობაზე:
“ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. როდესაც პუტინი ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა, ეგონა რომ უკრაინა სუსტი იყო, ხოლო დასავლეთი კი დაყოფილი. პუტინს ეგონა, რომ ჩვენზე მეტი გამძლეობა ჰქონდა, თუმცა ის მწარედ შეცდა”, – თქვა მან.
უკრაინას მიაწვდიან სამხედრო დახმარებას, ასევე, დამატებითი სანქციები დაწესდება ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბაიდენმა ფინანსური დახმარების პაკეტიც დააანონსა.
ბაიდენმა თქვა, რომ როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი გაყოფილი – “პუტინს ეგონა, რომ ჩვენზე მეტი გამძლეობა ჰქონდა, თუმცა ის მწარედ შეცდა”.
“დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის.
მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვას საჰაერო დაბომბვისგან.
და მე გაგიზიარებთ, რომ ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანამდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით – და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება”, – განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა კიევში. თქვენი ვიზიტი უკრაინელების მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი სიგნალია”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს აფასებს.
„ისტორიული ვიზიტი შედგა. ვიტყოდი, რომ საუბრით ორივე პრეზიდენტი კმაყოფილია, ატმოსფერო მაქსიმალურად სანდო იყო.
ეს ვიზიტი უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვებაა. ეს მოხდა ყველაფრის მიუხედავად უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებისთვის. ეს არის მკაფიო გზავნილი დაჭაობებული რუსეთისთვის – არავის ეშინია შენი!
მიუნხენიდან ახლახან ჩამოსული, ისევ გზაში ვარ. ვაგრძელებ მივლინებას ბრიუსელში, ჰააგასა და ნიუ-იორკში. აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-ამბობს მინისტრი.
დიპლომატი გიგი გიგიაძე ბაიდენის კიევში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს უკრაინისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. გიგიაძე აცხადებს, რომ ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება იმ ბრძოლაში, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს.
„ბაიდენის ვიზიტით გამოჩნდა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთიც და ამერიკაც ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას ომის წლის თავზეც კი ახერხებენ. ეს არის თვითოეული უკრაინელისთვის გამოხატული მხარდაჭერა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან.
„ბაიდენმა კიევში ვიზტით რუსეთს უთხრა, რომ ისინი უკრაინელების მხარდაჭერას მანამ გააგრძელებენ, სანამ ამ ბრძოლაში არ გაიმარჯვებენ. ვფიქრობ, ვიზიტის დროც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შერჩეული, რადგან ვიცით, რომ 24 თებერვალს ომის დაწყებიდან ერთი წელი გადის.
„ეს იყო რუსებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ მიუხედავად სახვადასხვა მოსაზრებებისა და მცდელობისა, თითქოს დასავლეთში ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, რალურად არც არაფერი არ იცვლება.
„დასავლეთი უკრაინის დახმარებას მკაფიოდ აგრძელებს. პირიქით, უფრო ზრდის. ბაიდენმა ნახევარი მილიარდით მეტი დახმარება გამოყო. ასევე, გადაცემული იქნება ახალი ტიპის იარაღი, რომელმაც ომის საბოლოო გარდატეხა უნდა მოახერხოს. ეს იყო ისტორიული ვიზიტი, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ხვალ ვლადიმერ პუტინი რუს ხალხს მიმართავს და ვფიქრობ ამ ვიზიტს აუცილებლად ახსენებს. ალბათ ის შეეცდება, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტი პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ის ამის გასაღებას ისევ ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებად გაასაღებს. რა საკვირველია რუსები ამ შანს ხელიდან არ გაუშვებენ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ პუტინმა ამ ერთი წლის განმავლობაში დასახული მიზნის მინიმუმის შესრულებაც კი ვერ შეძლო. ის ომში მწარედ მარცხდება და ბაიდენის კიევში ვიზიტი ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, – ამბობს გიგიაძე.