„საუკუნის ტრაგედიაა, როდესაც დღევანდელი მმართველობის მეცადინეობით, ჩვენ ფაქტობრივად, ვკარგავთ სანუკვარს, ჩვენ ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას. ვინც მზად ხართ, რომ ამას ხელი მოაწეროთ – ეს თქვენი არჩევანია, ვინც მზად ხართ რომ საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრების რუსული ჩექმა, რომ კრემლმა იპარპაშოს, რომ ამოიძირკვოს ყველაფერი ნორმალური ჩვენთან და ჩვენგან – ეს თქვენი პირადი არჩევანია. მე მინდა მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი – არ დაუშვათ საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალის მიერ საქართველოს ჩაბარება იმ გავლენის სფეროსთვის, რომელიც არასდროს ისურვებს ჩვენთვის ნორმალურ მომავალს, არასდროს ისურვებს სამართლიან სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიულ პერსპექტივას, ნორმალურ არჩევნებს“, – ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული ყველა ნაბიჯი, რომელიც განსაკუთრებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მიერ გადაიდგა.
„ვფიქრობ, ყველაფერი გაცხადდა. როგორც ჩანს, თქვენ საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებებით, აიძულებთ ქართველ ხალხს, რომ გამოვიდეს და თქვას არა! შეუძლებელია, რომ ამას შევეგუოთ, შეუძლებელია რომ ჩვენ შევეგუოთ საქართველოს ჩაბარებას, საქართველოს განადგურებას. აღარაფერი რჩება თუ არა პროტესტის უკიდურესი ზომა. თუ თქვენ, სასწრაფოდ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეეშვათ ამ მავნებლურ და დამღუპველ ექსპერიმენტს, რომელსაც განსაკუთრებით ახლა შეუდექით, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის ჩვენი საუკუნეების, წინაპრების, ყველა თაობის და ყველა მომდევნო თაობის არჩევანი. ვინ მოგცათ უფლება, რომ საქართველოს მომავალს ეთამაშოთ. თქვენ რომ გგონიათ ხალხი მიძინებულია – ის მიძინებული არ არის. ყველაფერი დამთავრდება იმაზე ცუდად, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.