ჯო ბაიდენი ამერიკის ახალი პრეზიდენტია- რას უნდა ელოდოს საქართველო

ამერიკა ბრუნდება მსოფლიო ასპარეზზე. ბრუნდება გლობალური პოლიტიკის უპირობო ლიდერის და დემოკრატიული ღირებულებების მთავარი დამცველის რანგში. სწორედ ამ დაპირებით დადო  საპრეზიდენტო ფიცი 78 წლის ჯო ბაიდენმა და მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის შესახებ აუწყა.

კაპიტოლიუმი ისევ თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ასოცირდება და არა ძალადობასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან. ამ კედლებმა დღეს 46-ედ ნახეს რას ნიშნავს დემოკრატია მოქმედებაში.

ამერიკელი იურისტი და დემოკრატების მხარდამჭერი ტედ ჯონასი წლებია საქართველოში ცხოვრობს და თვლის რომ ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი კატასტროფული იყო არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის არამედ საქართველოსთვისაც.

საქართველოში მცხოვრები ამერიკელები თვლიან რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით მათი სამშობლო უფრო აქტიური იქნება, რაც პირველ რიგში ადგილობრივი დემოკრატიის თანადგომაში და მის დახმარებაში გამოიხატება.

ის რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გაცილებით აქტიური იქნება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ტონი ბლინკენმა კონგრესში მოსმენაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა რომ საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ელის, იმის მიუხედავად გააღიზიანებს ესა რუსეთს თუ არა. ეს შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომელსაც გამოყენება სჭირდება.

ქართული ოცნების ტრადიციული ინერტული საგარეო პოლიტიკის პირობებში კი ეს შესაძლებლობა შესაძლოა ხელიდან აღმოჩნდეს გაშვებული.

ტრამპის იზოლაციონიზმისკენ და ვიწრო ეროვნულ პრობლემებზე მიმართული საგარეო პოლიტიკა დასრულებულია. ბაიდენი არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ გაურბოდა იმ გამოწვევებზე საუბარს, რომლის წინაშე თანამედროვე ამერიკული დემოკრატია დგას და მეტიც, პირობას საჯაროდ დებდა რომ ის დემოკრატიის ქომაგი გახდებოდა მსოფლიოს ყველა წერტილში, სადაც ადამიანების თავისუფლებისთვის იბრძვიან. ადამიანები კი ვისაც ბაიდენმა საგარეო პოლიტიკა ჩააბარა ზედმიწევნით იცნობენ აღმოსავლეთ ვეროპის რეგიონს და საქართველოს პრობლემებს.  ესეც კიდევ ერთი ხელსაყრელი ფაქტორია, რომელსაც ისევ და ისევ გამოყენება სჭირდება.

ტრამპის პასიური 4 წლის შემდეგ დღეიდან ამერიკის საგარეო პოლიტიკას უკვე ბაიდენის გუნდი ქმნის, რომელსაც ახლა ვაშინგტონის პოზიციის დაცვა მოუწევს კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ლიდერობით, გეოპოლიტიკური ასპარეზი რესეთის, თურქეთისა და ირანის ავტოკრატიულ რეჟიმებს დაუთმო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share