მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის.
მელქისედეკის განცხადებით, ვერ გაიგო თუ რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.
“სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, რომ – ველოდებით გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება”, – განაცხადა მელქისედეკმა.
მეუფეს თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ იცის, რა ხდება გარეჯასთან დაკავშირებით და ამავდროულად, ამ თემაზე საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს.