“შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ განცხადებებს, დამამცირებელს, სააკაშვილის მიმართ”, – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.
ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე პროკურატურაში შეიტანს საჩივარს “ვივამედისა” და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგაც, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატური მკურნალობის, მთელი რიგი დარღვევებისა და გაყალბებული ოქმების გამო.
მისივე თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მესამე პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.
“ჩვენ ვნახეთ გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტები. ვნახეთ დემარში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან განცხადდა. ასევე, ვნახეთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დღეს, ჩვენ მოვიპოვებთ ამ დოკუმენტებს. დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს, უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღე არის რაც საქმე შემოსულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. გავარკვევთ, დღეს იმედია გაირკვევა როდის იქნება პროცესი.
რა თქმა უნდა გაჭიანურება გახლავთ, რა თქმა უნდა, მომაკვდავი პატიმრის საკითხი უკვე მეოთხე დღეა, თუ არა მეხუთე დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ როგორც ჩანს დირექტივა არ მიუღიათ ზევიდან, რა უნდა გააკეთონ.
დღეს შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს, არამარტო “ვივამედთან”, ასევე პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით, იმ გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობაზე და მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც ამ კლინიკის და პენიტენციური სამსახურის მიერ იქნა დაშვებული. ასევე, დამატებით შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ განცხადებებს, დამამცირებელს, სააკაშვილის მიმართ”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს. განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს.
ნოტაში მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვის მოთხოვნაა გაწერილი
ევროპული ქვეყნები ერთხმად აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება დაუშვებელია.