ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები “ქართული ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს მიმართავენ და მოუწოდებენ არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონპროექტს.
განცხადებაში ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყველა მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.
“ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვეაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.
შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები.
ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა არ გვესახება რეალურ გამოსავლად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ.
კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს ეზოში.