ერთ დროს “ოცნების” უცვლელი მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების სურვილით დარჩა. თუ მთავარი ოპოზიციური ძალა პოლიტიკური სპექტრიდან გაქრება, წულუკიანიც მზად არის სახლში წავიდეს.
“მე შეიძლება დავიღალო რამით, მაგრამ არის ერთი, რამ რითაც არასდროს დავიღლები ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა. თუ ამას დასჭირდება მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე, მე ვიდგები პოლიტიკაში და ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, რომ ისინი არ დაბრუნდნენ არასდროს. ვფიქრობ, რომ რაც ასაკში შევალთ, თქვენც, მეც უნდა ვისწავლოთ, როგორ
გავიდეთ სცენიდან. მაგრამ დაღლა ალბათ, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას მე ამაში არასდროს დავიღლები”, – ამბობს თეა წულუკიანი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ თეა წულუკიანი, “რა გემოსაც გრძნობს”, მაშინ, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს ის ნაციონალური მოძრაობა “ოცნებაში” ჰყავს.
“ქალბატონი თეა, რასაც გულისხმობს, როცა ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას, რა გემოსაც ატანს ამ ყველაფერს, ის ნაციონალური მოძრაობა “ქართულ ოცნებაში” ჰყავს: მურუსიძედან დაწყებული, ჩინჩალაძით გაგრძელებული და კიდევ ბევრი. შემიძლია გრძელი სია, მაღალი თანამდებობის პირების ჩამოვუწერო და ფოსტით გავუგზავნო, რომ დარწმუნდეს, მაგრამ ჩემზე კარგად იცის მან”, – თქვა ნიკა მელიამ