გვაღიარეს ომის მსხვერპლად, დიდი მიღწევაა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც მე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს ვმართავ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. შემთხვევით არაფერი ხდება – საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველო სამართლებრივად გამართლდა. ჩვენი სახელმწიფო აღიარებულია 2008 წლის ომის მსხვერპლად, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ისტორიისა და მომავლისთვის. ეს არის საყრდენი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი გაერთიანება. დიდ მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს. ამ გამარჯვებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share