“საქართველოს სამართლებრივი მიზანი მიღწეულია” -ბურჯალიანი

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც შევიდა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დღეს, 21 იანვარს სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ტაბულასთან საუბრობს.

თინა ბურჯალიანის შეფასებით, სამართლებრივი მიზანი, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროს, მიღწეულია.

“დიახ, სამართლებრივი მიზანი მიღწეულია. ევროსასამართლომ დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ანუ ქართული ტერიტორიის ოკუპაცია, ასევე დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველების გამოდევნაში და მათი უკან დაბრუნების ხელშეშლაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დარღვევები განხორციელდა როგორც “ადმინისტრაციული პრაქტიკა”, კარგად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგი. სასამართლომ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც დაადგინა, როგორიც არის ქართველი სამხედრო ტყვეების წამება, სამოქალაქო პირების უკანონო თავისუფლების აღკვეთა და არაჰუმანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა”. – ამბობს თინა ბურჯალიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share