ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ამერიკელმა არტისტმა, ლედი გაგამ შეასრულა. გაგას “ლუქი” საქვეყნოდ განსჯის საგანი გახდა – თავზე გადაკრული ნაწნავი, დიდი მტრედი, რომელიც მკერდს უმშვენებდა და ტანს მომდგარი მუქი ლურჯი კორსეტი… გასუქებულა და ეს სხეულზე მომდგარი კაბა რამ ჩააცვაო – კრიტიკამ არ დააყოვნა.
მოულოდნელობა გაგას სტილია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როგორიც საპრეზიდენტო ინაუგურაციაა, მისი “ლუქი” სულაც არ ყოფილა მისსავე სტილში. არც ღონისძიებისგან ამოვარდნილად ჩანდა. Maison Schiaparelli-ის დიზაინერის, დენიელ როუზბერის კაბა პოპშემსრულებელმა მშვენივრადაც მოირგო.
ქართველი დიზაინერებიც საკმაოდ დადებითად აფასებენ ამერიკელი არტისტის გუშინდელ სტილს. ავთანდილ ცქვიტინიძის და თამუნა ინგოროყვას კაბები ლედი გაგასთვის უცხო არ არის. მათ სამოსში, ეპატაჟურ გაგას, არაერთხელ მოუწონებია თავი.
ავთანდილ ცქვიტინიძე: – ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. კლასიკურისა და ავანგარდის სინთეზი, თან სწორად გაკეთებული. მე ძალიან მომეწონა. მასზე ყველანაირი ტიპის არტი ნანახი გვაქვს. ვფიქრობ, ელეგანტურად იყო. თავისი შარმიც არ ჰქონდა დაკარგული.
მე მომწონს ეს ქალი თავისი გამოძახილით.
მტრედს რაც შეეხება, მე როგორც გურულს, გურულების სადღეგრძელო გამახსენა – მშვიდობა იყოს და დანარჩენ ყველაფერს ეშველებაო. ეტყობა, ლედი გაგა გურიაში, სუფრაზეა ნამყოფი (იცინის). ეს მშვიდობის მტრედიც, ალბათ, გურულებს მიუძღვნა.
მის გასუქებას რაც შეეხება, ახლა მსოფლიოა ჩასუქებული. ლედი გაგასაც შეეხო, ალბათ, კორონავირუსის პანდემიისგან სახლში ჯდომა, ჭამა უფრო მეტი. რა ვქნათ…
თამუნა ინგოროყვა: – ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. ლამაზად გამოიყურებოდა. ვინ რას ერჩის? კორსეტივით აცვია ჩამჯდარი. სხვა სიმეტრია აქვს, ლედი გაგა მაღალი არ არის. ალბათ, ქართველებს ეგ არ მოეწონათ, ჩამოვარდნილი ტორსი. ლედი გაგას რთული ჩასაცმელი გარეგნობა აქვს. თუმცა ძლიერი და სერიოზული “ლუქი” ჰქონდა შერჩეული. ძლიერად გამოიყურებდა.