ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინაამდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან”, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
ბლოკის განცხადებით, ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისად განიხილავს.
„ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ.
ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უკრაინაში წარმოებული გამოძიების მიმართ და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.