ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ციხეებში არსებულ სუბკულტურაზე დაუსაბუთებლად საუბრობს და რომ “მსგავსი ფაქტი არ არსებობს”. ჟურნალისტების კითხვაზე, პირიქით, ასუსტებს თუ არა ამ ინსტიტუტს მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა, სუბარი პასუხობს, რომ “სახალხო დამცველი არ არის ნაზი ყვავილი”.
“თუ ადამიანი იტყვის რაიმე ისეთს, რაც არაა დასაბუთებული, მაშინ ბოდიში მომითხოვია და სახალხო დამცველი არ არის ნაზი ყვავილი, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მანაც, ისევე უნდა მიიღოს რამე კრიტიკა, როცა არასწორს იტყვის, როგორც ამას იღებს ნებისმიერი თანამდებობის პირი”, – ამბობს ის.
სუბარი, რომელიც ყოფილი სახალხო დამცველია, “აბსოლუტურ ტყუილს” უწოდებს ნინო ლომჯარიას განცხადებებს, ციხეებში სუბკულტურის არსებობაზე.
“როცა სახალხო დამცველი აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი, განსაკუთრებით, როცა ისეთ ბრალდებაზეა საუბარი, როგორიც არის სუბკულტურის, კანონიერი ქურდების, თუ ვიღაც ავტორიტეტების გავლენები და მართვა ციხეების. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და მსგავსი ცილისწამებები მეც არაერთხელ განმიცდია, როცა ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი. […]
როცა რამეს ამბობს, ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, მაგრამ ვერ დაასახელებს, რადგან მსგავსი ფაქტი არ არსებობს და თუკი მას, მის წარმომადგენელს რომელიმე პატიმარი უყვირის ან უსტვენს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა სახალხო დამცველის ინსტიტუტის.
მაშინ როცა იყო ყველაზე დიდი წამება ციხეებში და პატიმრებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ჩემი ნებისმიერი წარმომადგენლის იქ შესვლა იყო ზეიმი პატიმრებისთვის”, – აცხადებს დეპუტატი.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2021 წლის 13 იანვარს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი დაემუქრა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა. მისივე თქმით, 2021 წლის 13 იანვარს რუსთავის #17 დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, იმიტომ რომ ციხეებში ყველაფერი იყო ძალიან კარგად. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიიღოს მყისიერი ზომები კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად.
ლომჯარიას განცხადებას უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ თუკი რომელიმე საპატიმროში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს.