“უკრაინის “გარდაუვალი” გამარჯვება რეგიონის ფორმირებისთვის- სააკაშვილი” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “ფრანს-პრესი”.
გამოცემამ ადვოკატის საშუალებით ინტერვიუ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილთან, სადაც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია და ეს სამუდამოდ შეცვლის რეგიონს, სადაც დიდი ხანია დომინირებს მოსკოვი.
ავტორი სტატიას იწყებს ფაქტით, რომ გამოჩენილი პროდასავლელი რეფორმატორი ციხეშია 2021 წელს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ. ექიმებმა განაცხადეს, რომ ის ახლა სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მას პატიმრობაში განუვითარდა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ 55 წლის მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში უმაღლეს სამთავრობო თანამდებობა ეკავა, სადაც ემიგრაციაში ცხოვრობდა 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტად მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ. მას საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
“უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოსა და რეგიონში. უკრაინა, სამუდამოდ, გახდა რეგიონის ზესახელმწიფო. პოლონეთთან ერთად ის განსაზღვრავს ყველაფერს რეგიონში, მათ შორის, თუ რა ხდება საქართველოში”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, მისი ადვოკატის მეშვეობით AFP-თვის საავადმყოფოდან გაგზავნილ წერილში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისში ბოლოდროინდელ მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებზე მინიშნებით, მიხეილ სააკაშვილმა თქვა: „საქართველოში სიტუაცია ძირეულად შეიცვლება უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდეც კი. საქართველოში ყველაფერი კრისტალურად ნათელია: ხალხი ერთიანია. ჩვენ ვართ ევროპელი ერი რუსული მთავრობით”.
“ვერც ერთი ავტოკრატი ვერასოდეს დაიმორჩილებს თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდა“, – თქვა მან და მხედველობაში ჰყავს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა. ივანიშვილი აღიქმება, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უკავია ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა “უარს ეუბნება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლაზე, მოსკოვის ბრძანებით”,- ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში ყურადღება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არის გამახვილებული და ნათქვამია, რომ: “დეკემბერში, როდესაც სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა ვიდეო ბმულით, ის გამოიყურებოდა გაფითრებული და ხელები უკანკალებდა”. ავტორი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში ყოფნის დროს 50 კილოგრამზე მეტი დაიკლო და “ახლა საკუთარი თავის აჩრდილია”.
“ჩემი წონა დაეცა იმ დონემდე, რომ ექიმების თქმით, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ორგანოს უკმარისობა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამერიკელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს ემუქრება გარდაუვალი სიკვდილი მრავალი ნევროლოგიური და კუჭ-ნაწლავის დაავადებიდან გამომდინარე, თუ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ წაიყვანეს.
მათი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობაში „წამების“ შედეგად გაუარესდა.”,- წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში მოყვანილია ფაქტები:
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა 2022 წელს განაცხადა, რომ ტესტებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში ყოფნისას მძიმე ლითონებით იყო მოწამლული.
საქართველოს უფლებათა ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყნის სამედიცინო სისტემამ სააკაშვილის სამკურნალოდ “ამოწურა ყველა არსებული საშუალება”.
საქართველოს ადამიანის უფლებების შესახებ ბოლოდროინდელ ანგარიშში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა დაასახელა პატიმრობაში მყოფთა საკითხთა შორის.
2 მარტს, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა სააკაშვილისთვის „ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის თქმაში, რაც მას სიკვდილის, ინვალიდობის ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე აყენებს“.
ევროპულმა საბჭომ – ასევე მოითხოვა მისი გათავისუფლება და აღწერს მას, როგორც “პოლიტპატიმარს, რომელიც ეწინააღმდეგება (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ) პუტინს”.
სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოვიდა. ცხრა წლის განმავლობაში ის ატარებდა ფართო რეფორმებს და დაამყარა მჭიდრო კავშირები დასავლეთთან. ხოლო როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის პროდასავლური ორიენტაციის გამო, მზარდი დაძაბულობის შემდეგ, სააკაშვილმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ უკრაინა იქნებოდა კრემლის შემდეგი სამიზნე.
მიხეილ სააკაშვილმა AFP-ს განუცხადა, რომ ახლა “დასავლეთი გამოფხიზლდა და გაერთიანდა” უკრაინაში პუტინის ომის წინააღმდეგ. მისი თქმით, „დასავლეთმა უნდა მიიღოს და მოემზადოს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიშლება“.