საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისთვის, მემარჯვენეების დემოკრატიის პრიზის გადაცემას ეხმაურება და წერს, რომ დიდი პატივია დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება:
“ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.
ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისივე ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა და მას მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდნენ.