მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი განცხადება გაავრცელა.

ქართულმა უწყებამ ნორვეგიის ელჩი საქართველოში დაიბარა.

აღნიშნული ნაბიჯი ნორვეგიის მხრიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისათვის ადამიანთა უფლებების დაცვის გამო დემოკრატიის პრიზის გადაცემას მოჰყვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის, გამო რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.

როგორც უწყებაში აღინიშნა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას” , – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share