“სააკაშვილმა და მისმა გუნდმა უტიფრად მიიწერეს ეს გამარჯვება” – თალაკვაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გუშინ, როცა საქართველომ ამ დავაში გაიმარჯვა, ჩვენი რეაქცია და კომენტარი იყო, რომ “საქართველომ გაიმარჯვა”, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის კომენტარი იყო, რომ “ეს არის ჩვენი გამარჯვება”, თან მეორე გამარჯვებაო. ამ ადამიანებმა, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე სრულიად უტიფრად და სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც საქართველოს ეკუთვნის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოპონენტების განცხადებების შეფასებას შეეხებოდა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდეებმა, თავის დროზე, ევროსაბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც საქართველო ომის დაწყებაშია დადანაშაულებული. მისივე თქმით, სწორედ ესაა განსხვავება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის.

“მინდა მივულოცო საქართველოსა და ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება. ჩვენ უკვე ხელში გვაქვს წონიანი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია რუსეთის მხირდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, ასევე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ეთნიკური წმენდის შესახებ.

რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციებს ამასთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის ჭურვის ნამსხვრები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავისი სიმართლე ამ დავაში დაამტკიცა, ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდეებმა გააკეთეს არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო ომის დაწყებაშია დადანაშაულებული. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის.

გუშინ, როცა საქართველომ ამ დავაში გაიმარჯვა, ჩვენი რეაქცია და კომენტარი იყო, რომ “საქართველომ გაიმარჯვა”, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის კომენტარი იყო, რომ “ეს არის ჩვენი გამარჯვება”, თან მეორე გამარჯვებაო. ამ ადამიანებმა, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე სრულიად უტიფრად და სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც საქართველოს ეკუთვნის. მე არ ვიცი რომელია სააკაშვილის მეორე გამარჯვება, რადგან ეს პირველად დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით 30 დამარცხება, როგორც ადამიანის უფლებების, მედიის, თავისუფალი არჩევნების ჩატარების კუთხით. ეს არის მცდელობა მათ მხარდაჭერებს მიყიდონ მომავლის იმედი. ჩვენ გვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში მუშაობას, რომ ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია დატოვოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისტორიული გამარჯვებაა საქართველოსთვის, სადაც საქართველო არის ცამდე მართალი და აგრესიის მსხვერპლი. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად ივანიშვილის და მისი პატრონების მცდელობისა მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად და დამნაშავედ – ეს ჩაუფლავდათ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ეს „მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა“.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share