ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბარში „კარტოგრაფების საქმეზე“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები გადაწყვეტს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა ბედს.
„კარგად უნდა გამოიძიონ ეს საქმე, ნათელი გონების ადამიანებმა იმიტომ, რომ ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცის უაზრო მითითებებით. განცხადებები კეთდება, რომ ისინი დამნაშავენი არიან და ჯერ ეს საკითხები გადაწყვეტილი არ არის, რატომ ღელვას ორივე მხარე, არ იცი.
ყველაფერს გაარკვევს არჩევნები, მოკლე დროში მოხდება ეს, 2-ში, 3-ში უკვე ყველაფერი ნათელი გახდება.
კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ახალი სახეები უნდა მოვიდნენ, ეროვნული ღირსებით, რომლებიც ამ ქვეყნისთვის რაღაცას გააკეთებს, მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ“ – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.