“უზნეობის აპოგეაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს“ – გოგი წულაია

საფრანგეთში მცხოვრები პოლიტიკოსი, გოგი წულაია მარტს აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს

„ლაზარეს თემას მინდა გამოვეხმაურო. უზნეობის აპოგეაა. ვიმეორებ, უზნეობის აპოგეაა, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს. ხელისუფლება ცდილობს რომ ხაზი გაუსვას მის ბერძენობას, მის არაქართველობას, ხაზი გაუსვას იმას რომ თურმე ტატუ აქვს.

ამ სისულელეებზე ხაზგასმა და გათვლა იმაზე, რომ „ასეთი მოწინააღმდეგეები ჩემ მხარეზე იქნება“, დანაშაულია საქართველოს წინაშე. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ლაზარეს და მოვუწოდო ყველას – აუცილებლად მივიდეთ, აუცილებლად დავიცვათ ლაზარეს თავისუფლება, რადგან მის თავისუფლებაზე გადის თქვენი, ყველასი თავისუფლება“, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share