რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, როცა განაცხადა, მოსკოვს სტრატეგიული მარცხის აუცილებლობაზე. გაზეთ “არგმენტები და ფაქტებთან” ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ ახლა მოსკოვი ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მიიჩნევს.
“ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი. მაგრამ ამაში თვითონ არის დამნაშავე. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად გაერთიანების ლიდერები ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. კიევის კრიმინალურ რეჟიმს იარაღსა და საბრძოლო მასალას ასხამენ, უკრაინაში ინსტრუქტორებსა და დაქირავებულებს გზავნიან. ამ მიზეზების გამო ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მივიჩნევთ”, – თქვა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები დღეს არ არიან მზად მოსკოვთან რეალური დიალოგისთვის და ეძებენ ახალ გზებს მის შესაკავებლად. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის თანაბარ პირობებში და მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით.
“თუკი ევროპელები რაღაც მომენტში მიატოვებენ ანტირუსულ კურსს და აირჩევენ რუსეთთან ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგს, ჩვენ განვიხილავთ მათ წინადადებებს და მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – თქვა ლავროვმა. ცნობისთვის, უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი მიმართულებით სანქციები დაუწესეს, მათ შორის კონკრეტულ ლიდერებსაც. ევროკავშირი ომში მყოფ უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.