ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია „მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.
გამოცემა ასევე წერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ურთიერთბრალდებების ფონზე სასამართლომ სამხედრო დანაშაულის და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტები ვერ გამოიძია.
ადვოკატი ბენ ემერსონი, რომელიც სასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა, ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადება ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მომდევნო დღეს შემთხვევითობა არ არის. ის ვარაუდობს, რომ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის მიმართ უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე დონალდ ტრამპი.
„რამდენიმეწლიანი დაყოვნების შემდეგ სასამართლომ, საბოლოოდ, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ ხისტი პოზიცია დაიჭირა“ – აცხადებს ემერსონი.
The Guardian ვარაუდობს. რომ კრემლის პასუხი საკმაოდ აგრესიული იქნება. „რუსეთის ხელისუფლება სასამართლოს მიკერძოებულობასა და პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. მოსკოვი კონფლიქტის გაჩაღებაში სააკაშვილს ადანაშაულებდა, ხოლო რუსეთის როლი, მათი თქმით, სამშვიდობო იყო“ – წერია სტატიაში. სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გასვლას ადრეც გეგმავდა, ახლა ეს ნაბიჯი გადადგას.
The Guardian წერს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრალურ მოედანზე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა აფეთქდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტან სტორიმანსი იყო. აფეთქების კვალი და ჟურნალისტის სხეულიდან ამოღებული ნამსხვრევები მიუთითებს, რომ რაკეტა რუსული იყო.
ამასთანავე რუსი სამხედროები გორზე სარაკეტო იერიშის ფაქტს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ თბილისმა საკუთრი მოსახლეობა დაბომბა, რათა შემდეგ ამაში მოსკოვი დაედანაშაულებინა.
ცნობისთვის, 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.