“საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
“13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა”, – ვკითხულობთ საპასუხო წერილში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა გადადო ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო. მოგვიანებით, პრეზიდენტიც ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტის გადადების მიზეზი “მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი” გახდა.