ხელისუფლება ყველა პლატფორმაზე ებრძვის მისთვის მიუღებელ აზრს, თავს შევაკლავთ და არ დავნებდებით – თამრიკო ჭოხონელიძე

მუსიკოსი და მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც თავად ამბობს, არასდროს არც ერთ პარტიაში არ ყოფილა, მაგრამ ოპოზიციაში ყოველთვის იყო და ასეა ახლაც… ამჯერად, ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად მოძრაობას მერაბ სეფაშვილთან, პაატა ბურჭულაძესთან, ლელა წურწუმიასთან, ლექს-სენთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად შეუერთდა.

მოძრაობის ახალი წევრები მისმა დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ პუბლიკას 10 აპრილს, დედაენის ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა. ის ამაყობს იმით, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ექიმი, პროფესორ-მასწავლებელი, მხატვარი, მწერალი, მსახიობი თუ მომღერალი შეუერთდა.

ჟურნალ “გზასთან” საუბარში თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება კიდევ ერთი მესიჯია ხელისუფლებისგან, რომ ქვეყანა ევროკავშირში არ უნდა შევიდეს, ამას საზოგადოება არ დაუშვებს. მომღერალმა პრეზიდენტსაც მიმართა და განაცხადა, რომ საზოგადოება იმსახურებს იმის ცოდნას, თუ რატომ არ იწყალებს ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას:

”ეს არის სამართლისა და სიმართლისთვის ბრძოლა. რამდენ ხანს შეიძლება ვამყოფოთ ქვეყანა ჩამოშლილი სასამართლო სისტემით? ნიკას პატიმრობა კიდევ ერთი მესიჯია ქართული გვარების მქონე ჩვენი მტრებისგან, რომ დიახ, ეს ქვეყანა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მედგრად ვდგავართ, რომ დავიცვათ ასე უსამართლოდ, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამომწყვდეული პატიმარი. ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, თუ არ ათავისუფლებს, ქართველი ხალხი იმის ღირსი მაინც არის, რომ უთხრას, რატომ არ ათავისუფლებს?.. მთავრობა უსინდისოდ მოიქცა მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია ასეთი ბრალდებით დააპატიმრა. მის საქმეს არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, ანუ მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ კრიტიკულ აზრს გამოხატავდა. კრიტიკულ მედიას არ ებრძვიან დემოკრატიულ ქვეყნებში და არაერთხელ ისაუბრა ამაზე ევროკავშირის არაერთმა წარმომადგენელმა, იგივე უთხრეს სტრატეგიულმა მოკავშირეებმა. მართლა ყველანაირ პირობას ქმნიან, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ. ამიტომაც, ამ მოძრაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… ხელისუფლება ყველა პლატფორმაზე ებრძვის მისთვის მიუღებელ აზრს, ეს იქნება მედია, სამოქალაქო სექტორი, სასამართლო სისტემა თუ ბიზნესი. ცდილობენ, ვინც მათ კვერს არ უკრავს და ქება-დიდებას არ ასხამს, მოღალატე, აგენტი და სხვა უამრავი ეპითეტი მიაწებონ.

მიაჩნია, რომ მხოლოდ მის მიერ შემოთავაზებული გზა არის სწორი, მაგრამ საბედნიეროდ, სხვები ასე არ ვფიქრობთ. კი გვიკიჟინებენ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ისინი უმეტესობაში არ ხართო, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის და ეს მარტის პირველ რიცხვებში, აქციაზე გამოსულმა საზოგადოებამ დაამტკიცა. ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი აღმოაჩნდა, რადგან ხალხმა იცის, რას ნიშნავს რუსეთი, მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედით კი არა, ისტორიულადაც. რაც გვაქვს, აქამდე ბრძოლით მოვიტანეთ. თუ სხვები მიწებს გვედავებოდნენ, რუსეთი ყველაფერს გვართმევდა: მიწას, სულიერებას, კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს… ყველაფერს, რაც აქამდე ჩვენმა წინაპარმა მოიტანა. რაც მთავარია, მას უნდა საერთოდ არ ვარსებობდეთ. საქართველოს ევროპაში შესვლა კი არა, გარშემო ყველაფრის ჩაყლაპვა, დანგრევა და გაპარტახება სურს. აღიზიანებს ნათელი მომავლისკენ ორიენტირებული საქართველო ისე, როგორც აღიზიანებს ევროპა, რომლისკენაც ასე გამალებული ისწრაფვიან. თავად არც ერთი მეგობარი არ ჰყავს..

ამის პარალელურად არსებობს ევროპა, რომელიც ამდენი წელია მსოფლიოს უჩვენებს, რომ ერები, რომლებიც ევროკავშირში ერთიანდებიან, ვითარდებიან, უსაფრთხოდ არიან, სტაბილური წინსვლა აქვთ… ევროკავშირის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველა ერი იდენტობას ინარჩუნებს და ამის ფონზე რატომ უნდა გვინდოდეს რუსეთი, რომელიც სადაც კი ფეხს დადგამს, ზარბაზნებს ისვრის?! ქართველი საზოგადოების უმეტესობა ამას აცნობიერებს. გარდა ამისა, საქართველო მენტალურად, ღირებულებებით ყოველთვის იყო ევროპა, ახლა კი, სამართლებრივად გვინდა მასთან ყოფნა. ამაზე უარის თქმა, რის გაკეთებასაც ჩვენი ხელისუფლება აპირებს, ქართველი ხალხის მტრობაა. დეგრადირების გზაზე მივდივართ. ისევ რუსეთს უნდა ჩავუვარდეთ ხახაში?.. ამას არ დათანხმდება ხალხი.

ხელოვანი ადამიანების “თავისიანებად” და “სხვისიანებად” დაყოფას, წინა ხელისუფლებასავით, ვერც არსებულმა აუარა გვერდი. ქვეყნის სათავეში “ნაციონალების” ყოფნის დროსაც იგივე პრობლემა გვქონდა. ამიტომაც ვიყავი მათ ოპოზიციაში. ახლაც იმავეს ვხედავთ და ამის წაყრუება არ შემიძლია. “მისიანებად” და “სხვისიანებად” დაყოფაში დიდი წვლილი წინა ხელისუფლებას მიუძღვის, რისი უარყოფაც არ შეიძლება. გვერდით ის ხალხი ჰყავდათ, ვინც მათ შეხედულებებს იზიარებდა… მაშინ ვამბობდით, რომ ეს მიუღებელი იყო და შეიძლება იგივე შეცდომები ისევ დავუშვათ?.. ახლა საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ, ფრთა გაშალეს, როგორც თავად მოეპრიანებათ, ისე იხსენიებენ ადამიანებს, უზნეობაა ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ…

წერენ, თითქოს “ნაციონალებში” გადავბარგდი. არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ვიქნები, თუმცა, ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროებას დავინახავ, ოპოზიციაში ვიქნები და ამას ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევ, რადგან არ შემიძლია ქვეყნისთვის დამანგრეველ პროცესებს ზოგიერთივით შორიდან ვუყურო. ყველა უგუნურს მინდა ვუთხრა, – არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ.

გასაგებია, რატომაც მიწოდებენ “ნაციონალს”, ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელი ვარ და ვიღაცებს ვერ წარმოუდგენიათ, თუ ამ პარტიის წევრი არ ვარ, იქ რა მინდა… ამიტომაც ვაფასებ ნიკა გვარამიას – მისი ინტელექტის გარდა, იმიტომაც ვცემ პატივს, რომ თავის არხზე ისეთ დროს მიმიწვია, როდესაც მე ჯერ კიდევ ამ ხელისუფლებას ვუჭერდი მხარს. ეს იყო პერიოდი, როდესაც მისი პოლიტიკური თანამოაზრე კი არა, სხვა მხარეს მდგომი ადამიანი ვიყავი, მაგრამ – საინტერესოდ საუბრობთ და მინდა ჩემს არხზე იმუშაოთო. მისი არხისთვის სარგებლის მომტანად მიმიჩნია ჩემი პროფესიის, გამოცდილების გამო… სადაც სიმართლის თქმა შემეძლება, ყოველთვის მივალ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა მაქვს აღმოვაჩინო მნიშვნელოვანი, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები, ამის გამო მომაკრეს “ნაციონალის” იარლიყი. ვფიქრობ, ახლა ის დროა, როდესაც სიმართლის სათქმელად ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ.

თავს შევაკლავთ და არ დავნებდებით. ვისაც მოსწონს, წავიდეს და თავად იცხოვროს რუსეთში, მაგრამ არა – ასეთებს თავიანთთვის დასავლეთი ურჩევნიათ.” – აცხადებს თამრიკო ჭოხონელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share