ბახვი ჰესის კონკურსის ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების 19 მოსწავლე დაჯილდოვდა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV, V – VIII, IX – XII კლასები) გადანაწილდა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, საშუალო კლასების მოსწავლეებმა პოსტერები, უფროსკლასელებმა კი, აღნიშნულ თემაზე ესე დაწერეს.
„ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ძირითადი მიმართულებებია გარემოსდაცვა და განათლება. ამ კონკურსის საშუალებით, ერთი მხრივ, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი თემების მიმართ ცნობიერების ამაღლება, მეორე მხრივ კი, ჯილდოს სახით გამარჯვებულებისათვის ისეთი პრიზების გადაცემა გვინდოდა, რომელიც კვლავ მათ განათლებას მოხმარდებოდა. ვფიქრობ, ამ კონკურსმა ეს მისია შეასრულა. 81 მონაწილე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლების დირექტორებს, ქალბატონ ნანა ჭეიშვილსა და ქალბატონ ალექსანდრა მარს, მათი და სკოლის მასწავლებლების დახმარების გარეშე რთული იქნებოდა ამ კონკურსის ჩატარება. მადლობა თითოეულ მონაწილეს. ვფიქრობ, ასეთი კონკურსები სტიმულია, გააუმჯობესო შედეგები და იზრუნო განვითარებაზე“-განაცხადბა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
ჩხაკაურას და მთისპირის საჯარო სკოლებმა დამოუკიდებლად მიიღეს კონკურსში მონაწილეობა. დაჯილდოების ღონისძიება ორივე სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ბახვი ჰესის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი დავით კობერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, მთისპირში მერის წარმომადგენელი ვლადიმერ ჩავლეშვილი და მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების პედაგოგიური კოლექტივი დირექტორების, ნანა ჭეიშვილისა და ალესანდრა მარის ხელმძღვანელობით.
ორივე სკოლაში თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში სამი (I, II, III ადგილები) გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის ფარგლებში ორივე სკოლაში 9 და 10, ჯამში კი, 19 მოსწავლე დაჯილდოვდა. ჩხაკაურას საჯარო სკოლაში პოსტერების კონკურსში მესამე ადგილზე ორი მოსწავლე გავიდა. კომპანია ბახვი ჰესმა გამარჯვებულებს საჩუქრად ვაუჩერები გადასცა, რომელთა მეშვეობით ბიბლუსის ქსელში წიგნების შეძენა შეუძლიათ. დანარჩენ 62 მოსწავლეს კი, კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატები დაურიგდათ.


„უკვე მესამე წელია ბახვი ჰესის პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრი ვარ. ეს სათათბირო ორგანო კომპანიამ 2021 წლის აგვისტოში დააფუძნა. ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში იკრიბებოდა საბჭო და განვიხილავდით საკითხებს, რომელიც საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი იყო – გარემოსდაცვა და სოციალური პროექტები. თითოეული პროექტის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, როგორ დაიგეგმა და რა მიზნები ჰქონდა კომპანიას, ამ პროექტების მოსახლეობისთვის შეთავაზებით. ჩვენი, საბჭოს წევრების მონაწილეობაც დიდი იყო დაგეგმვის პროცესში. 2023 წლიდან კი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, ჩვენი პროფილის მიხედვით, ჩართულები ვართ უკვე განხორციელების ეტაპზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სფერო გარემოსდაცვაა, აღნიშნული კონკურსის კურატორი ვიყავი და უნდა აღვნიშნო, რომ პროექტი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა. გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადრეული ასაკიდან არის საჭირო. ამ პროექტით კი, სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ, გადმოეცათ თავიანთი ემოცია, თუ როგორ ესმით ,,დედამიწის დღე“ და როგორ უნდა ვიზრუნოთ ერთად დედამიწაზე“ – განაცხადა პროექტის კურატორმა, ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსმა, ლელა მდინარაძემ.
მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ, კომპანია ბახვი ჰესის თანამშრომლები, მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრი და ასევე, კომპანია ბახვი ჰესის მიერ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამის ტრენერები. ხმის მიცემა აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართა. ნამუშევრების ავტორების ვინაობა ჟიურის წევრებისთვის არც ერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share