“ვფიქრობ, რომ რაც ძალუძთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. ვფიქრობ, ამიტომ ეკიდებიან ასე აგდებით მიშა სააკაშვილის საკითხს – თუ ის მათ ტყვეობაში მოკვდება, ეს ევროპელების რისხვას გამოიწვევს, ეს იქნება ბარიერი ევროპისკენ გზაზე. და ეს ნამდვილი პრობლემაა, რადგან ვიცით, ყველა გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ქართველების უმრავლესობას ევროპული გზა ურჩევნია რუსულ გზას. მთავრობა კი ცდილობს, ყველაფერი იღონოს, რომ ეს გზა ჩახერგოს, ვფიქრობ, ესაა მათი მიზანი. ამის გათვალისწინებით, ევროპისა და აშშ-ს [საპასუხო] პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანას რუსეთისკენ უბიძგონ. […]
იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მოსამართლეები უკვე აღმოჩნდნენ სანქციების სამიზნეში იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც რუს ოლიგარქებს ეკისრებათ სანქციები, ჩემთვის ცოტა არალოგიკურია, რატომ უნდა იყოს ამ სიების გარეთ ბატონი ივანიშვილი, რომელიც, გარკვეულწილად, ბევრად უფრო დიდ სამსახურს უწევს რუსეთს, ვიდრე ბევრი ის რუსი ოლიგარქი, რომელთაც სანქციები დაეკისრათ. ასე რომ, ვიმედოვნებ, ბაიდენის ადმინისტრაციაში დარწმუნდებიან ამ ნაბიჯის გადადგმის საჭიროებაში”. ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა.