რამდენიმე დღის წინ, 2 მაისს, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა და ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის” დამრღვევად ცნობილი გერმანიის მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ინტერნეტში „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის“ კამჩატკის სასამართლომ მას 150 ათასი რუბლის (1 700 ევრო) გადახდაც დააკისრა.
ერთი თვის წინ კი რუსეთის ქალაქ ყაზანში, „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით, ქართველი და ჩინელი ბლოგერების წყვილი დააკავეს, დასმენის საფუძველზე. რუსეთის ფედერალური სუბიექტის, თათრეთის რესპუბლიკის სასამართლომ ჩინეთის მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ გეი წყვილმა რუსეთი დატოვა.
რუსეთი ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფო არ არის, სადაც ჰომოფობიას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ, თუმცა ტერმინ ლგბტ „პროპაგანდას“ მხოლოდ რუსულ კანონმდებლობაში ამოიკითხავთ:
2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით. ეს საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთში 2013 წელს მიღებული კანონის ერთგვარი გაგრძელება, გაფართოებაა (10 წლის წინ მიღებული კანონი არასრულწლოვანებში კრძალავდა ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიმართული იყო „არატრადიციული სექსუალური განწყობის“ ბავშვების ფორმირებისკენ. ასევე იკრძალებოდა „ტრადიციული და არატრადიციული ურთიერთობების თანასწორობის შესახებ“ ინფორმაციის მიწოდება).
2022 წლის დეკემბერში პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“ აწესებს ჯარიმებს 400 ათას რუბლამდე ფიზიკური პირებისთვის და 5 მილიონ რუბლამდე იურიდიული პირებისთვის, ასევე, დეპორტაციასა და 15 დღემდე პატიმრობას.
ის, ასევე, ითვალისწინებს ვებგვერდებისა და სხვა ისეთი ონლაინწყაროების დაბლოკვას, რომლებზეც განთავსებული იქნება ინფორმაცია ლგბტ ადამიანების შესახებ. გამონაკლისი არც მედიაზე, რეკლამაზე, ხელოვნებაზე, სამეცნიერო კვლევებსა თუ განათლებაზე ვრცელდება.
არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ რუსეთში 2013 წელს „ანტიგეი პროპაგანდის“ კანონის მიღების შემდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არსებითად გაიზარდა. მაგალითად, თუ 2010 წელს ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა სტატისტიკა 34 იყო, ჰომოფობიური კანონის მიღების შემდეგ მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა – 2015 წელს მსხვერპლთა რაოდენობა 138-მდე გაიზარდა და მომდევნო წლებში ეს რიცხვი შენარჩუნდა.
საგულისხმოა, რომ დუმაში კანონპროექტის რეგისტრაციიდან (20 ოქტომბერი) მეორე დღეს, 2022 წლის 21 ოქტომბერს პრორუსულ, ძალადობრივ პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერებს საქართველოს პარლამენტში შეაქვთ კანონპროექტი, რომლითაც უნდა აიკრძალოს შეკრება ან მანიფესტაცია, თუ ის მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს „სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას“.
ცნობისთვის, ახლა უკვე პარტიად გადაკეთებული „ალტ-ინფო“/„კონსერვატიული მოძრაობა“ 5 ივლისს მასობრივი ძალადობის ორგანიზატორი და შემოქმედია. ძალადობის ორგანიზების ბრალებით ამ დრომდე ერთი პირიც არ დაუკავებიათ.
„შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.
მსგავსება კრემლისა და „ოცნების“ პროპაგანდას შორის
უკრაინასთან ომში სერიოზული დანაკარგების ფონზე, პუტინის მხარდამჭერები სწორედ ამ კანონის მიღებას განიხილავენ „დასავლური ლიბერალური ღირებულებების“ პასუხად.
„ახლა ისინი მთლიანად გადავიდნენ მორალური ნორმების, რელიგიისა და ოჯახის რადიკალურ უარყოფაზე…“, – ასე შეაფასა პუტინმა გასული წლის სექტემბერში დასავლური ფასეულობები ოთხი რეგიონის ანექსირების დაანონსებისას.
ამავე გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დასავლეთი „ტრადიციულ ფასეულობებს“ ებრძვის. პუტინს სხვა ტყუილებთან ერთად არც „სატანიზმის“ ხსენება დავიწყებია.
„ნამდვილად გვსურს, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში „დედისა“ და „მამის“ ნაცვლად გვყავდეს „მშობელი ნომერი ერთი“, „მშობელი ნომერი ორი“, „ნომერი სამი“? სულ გაგიჟდნენ? ნამდვილად გვინდა, რომ ბავშვებს სკოლებში უთხრან, რომ არსებობს ქალისა და კაცის გარდა სხვა სქესიც, და მათ სქესის შეცვლის ოპერაციის შესაძლებლობა შესთავაზონ? ჩვენ გვაქვს განსხვავებული მომავალი, ჩვენი საკუთარი მომავალი“, – თქვა პუტინმა.
„სატანისტებისა“ და აგენტების კანონის შემდეგ, ე.წ. „ლგბტ პროპაგანდაზე“ „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური რიტორიკა კვლავ პირდაპირ ასოციაციას აჩენს პუტინის პოლიტიკასთან:
1 მაისი: მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე არ მორიდებია „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას. მან კვლევის შედეგი, რომ აშშ-ის მოსახლეობის 7.2% თავს ლგბტ თემის წევრად აიდენტიფიცირებს, „ლგბტ პროპაგანდას“ დაუკავშირა. მსგავსი ტერმინი „გელაპის“ მონაცემებში ნახსენებიც კი არ არის.
2 მაისი: პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ „უცნობის“ მიერ ორგანიზებული პროსამთავრობო აქციის მოთხოვნათა შესაბამისად, პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.
3 მაისი: მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას და დასძინა, რომ „არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა“.
4 მაისი: მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებულმა პროპაგანდამაც არ დააყოვნა და ვიხილეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე. მის მიერ წარმოთქმული ჰომო/ტრანსფობიური სიტყვის მსგავსება პუტინის ზემოთ მოხმობილ გამოსვლასთან უდავოა. ერთი განსხვავებით – ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს „ძალებში“, რომელიც „ტრადიციულ, ოჯახურ ფასეულობებს“ უპირისპირდებიან „…მაგალითად ლგბტ პროპაგანდითა და არასრულწლოვანი ბავშვების მიერ მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომლებიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს…“
„ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი“
„მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება“.
მიიღებს თუ არა ხელისუფლება მორიგ რუსულ კანონს „ალტ-ინფოს“ ან ფრიდონ ინჯიას ავტორობით? – ამ საკითხზე უფლებადამცველებსა და სამართლის სპეციალისტებს ერთი პასუხი აქვთ: მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ლგბტ თემის, არამედ მთელი საზოგადოების უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ფუნდამენტურ სტანდარტს ძირს გამოუთხრის.
სულ უფრო ცოტა დრო რჩება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. მორიგი რუსული ყაიდის კანონი კი ქვეყანას მორიგ ისტორიულ შანსს დააკარგვინებს.
140-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად:
„ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება“, – აღნიშნეს ორგანიზაციებმა 11 აპრილს.
publika.ge