მეფე ჩარლზის, პრინცესა დიანას და კამილა პარკერ ბოულზის სასიყვარულო სამკუთხედი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალად მიიჩნევა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კამილა თავისი ოჯახიდან ერთადერთი არ ყოფილა, ვინც სამეფო წყვილს შორის ჩადგა – კამილას დიდი ბებია, ელის კეპელი მეფე ედუარდ VII-ის საყვარელი იყო.
ელის ფრედერიკა ედმონსტონი 1868 წელს, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა: მისი მამა სამეფო საზღვაო ძალების ადმირალი იყო. გოგონა შოტლანდიაში, დანტრიტის ციხესიმაგრეში იზრდებოდა და 23 წლის ასაკში ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ჯორჯ კეპელზე დაქორწინდა.
წაბლისფერი თმით, ფერმკრთალი კანით, დიდი ლურჯი თვალებით და ვიწრო წელით ელისი ვიქტორიანული ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა.
ყველაფრის მიუხედავად, ელისსა და ჯორჯს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. წყვილი ერთად ორ ქალიშვილს, ვიოლეტსა და სონიას ზრდიდა. ჯორჯისთვის ცოლის ღალატი პრობლემას არ წამროადგენდა. ამბობდა კიდეც: “არ მაწუხებს რასაც აკეთებს. ვიცი, რომ ბოლოს მაინც ჩემთან დაბრუნდება.“ ამას ალბათ ხელს ის ფაქტიც უწყობდა, რომ მეფე კეპელების ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა – მან ელისს ერთ-ერთი კომპანიის აქციები გადასცა, მისი მეუღლე კი მაღალანაზღაურებად სამსახურში დააწინაურა. ამიტომ, როცა ეუბნებოდნენ, რომ ედუარდ VII ელისის სანახავად მოსვლას აპირებდა, ჯორჯი სახლს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ტოვებდა და მეფეს ცოლთან განმარტოების საშუალებას აძლევდა.
როგორც ამბობენ, დედოფალი ალექსანდრა დანიელი და ელის კაპელი მოკავშირეები იყვნენ. პრინცესა დიანასგან განსხვავებით, პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ “ქორწინებაში სამნი იყვნენ”. მან თავიდანვე მისი ქმრის ელისთან ურთიერთობა სასარგებლოდ მიიჩნია, რადგან მისი საშუალებით ჩამოაშორა მეფეს სკანდალური საყვარელი დეიზი უორვიკი. ელისი გაცილებით ფრთხილი იყო და არ ახასიათებდა არასტაბილური ქცევა. ამბობენ, რომ ის დედოფალს საჩუქრებითაც ანებივრებდა. და.
9 წლის განმავლობაში ელის კეპელი მეფის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა საზოგადოებრივ შეკრებაზე მასთან ერთად ჩნდებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურ ვიზიტზე დაჰყვებოდა, სადაც დედოფლისთვის შესაფერის დახვედრას იღებდა.
1910 წლის 6 მაისს ედუარდ VII გულის შეტევით გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელთან სამეფო ოჯახის წევრების გვერდით, მისი საყვარელიც იდგა – ისტერიკაში ჩავარდნილ ელისს ოთახი იძულებით დაატოვებინეს.
ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის ბრძანებით, ელისს ოჯახთან ერთად ინგლისის დატოვება მოუწია. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისინი იტალიაში, ალჟირსა და აღმოსავლეთ ჩინეთში მოგზაურობდნენ. 1912 წელს კი ისევ ლონდონში დაბრუნდნენ. პირველ მსოფლიო ომის დროს, ელისი საკუთარ სასახლეში რეგულარულ შეხვედრებს აწყობდა და არაერთ ბრიტანელ დიპლომატსა და პოლიტიკოსს მასპინძლობდა.
1925 წელს ჯორჯი და ელისი ფლორენციაში დასახლდნენ, ვილაში, რომელიც ოდესღაც გალილეო გალილეის ეკუთვნოდა. მათ ოჯახს სხვადასხვა დროს ბრიტანეთის საზოგადოების გამოჩენილი წევრები, მათ შორის უინსტონ ჩერჩილი სტუმრობდა.
ცოლ-ქმარ კეპელების 56-წლიანი თანაცხოვრება 1947 წელს, ელისის გარდაცვალებით დასრულდა, ორ თვეში კი ჯორჯიც გარდაიცვალა.
წყარო – კვირის პალიტრა