…თითქმის ორსაათიანი გამოძიება ნავალნის რუსეთში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნდა და სამ დღეში 70 მილიონამდე ადამიანმა ნახა. ანუ, პრაქტიკულად, ყველა ზრდასრულმა და შრომისუნარიანმა რუსმა.
ცივსისხლიან კაგებეშნიკს შეშლილისა თითქოს არაფერი ეტყობა, მაგრამ კრასნოდარის მხარეში პუტინის რეზიდენციის შესახებ ნავალნის ფილმს თუ ჩაუსხდებით, 2 კითხვა გაგიჩნდებათ. პირველი – ეს მართლა თუა სრულ ჭკუაზე, მეორე – ეს ბაძავს იმას თუ ის ბაძავს ამას? აბა, რა დენდროპარკიო ზღვის ნაპირზე?
„პუტინის მიწის ნაკვეთი 68 ჰექტარია. მის გარშემო 7000 ჰექტარი კი ფსბ-ს საკუთრებაა. ე.წ. ბუფერული ზონა, რომელიც მეზობელ ქალაქ გელენჯიკზე 3-ნახევარჯერ დიდია.“
ნავალნის ეს შრომა მარტოს არ გაუწევია. ფილმის ტიტრებში მითითებულია ორგანიზაციათა წყება, გამოძიებაში რომ მონაწილეობდა და კიდევ არიან ისინი, ვისი სახელიც საიდუმლოდ დარჩა. მაგალითად, ერთერთი მშენებელი, ვინც გადასცა პუტინის სასახლის დეტალური გეგმა და აღწერილობა.
ფილმზე მომუშავეებს არ დაეზარათ და ჩაყვნენ პუტინის ოლიგარქთა ფინანსურ სქემებს. აქ არის ყველა დიდი რუსული კორპორაცია – სასახლისთვის თითო აგური ყველამ გაიღო. დიდმა ფულმა სცადა, კრასნოდარის მხარე დასავლეთ ევროპისთვის დაემსგავსებინა – პუტინს აქ საჯინიბოც ექნება და ღვინის ორი ქარხანაც, სადაც ღვთიური სითხე სადღეღამისო კლასიკური მუსიკის აკომპანიმენტით დუღს – ასე კეთილშობილდებაო, ვლადიმეროვიჩმა.
ნავალნის მოსმენისას მუდამ გდევთ ფიქრი – ვითომ მართალია? მაგრამ ეს რუსეთია – აქ ყველაფერი შესაძლებელია. ისიც კი, რაც შეუძლებელია
სულ კი პუტინის სასახლეზე 100 მილიარდი რუბლი დაიხარჯა – მილიარდ 350 მილიონი დოლარი.
…ნავალნის ხალხმა მოახერხა და დრონით გადაიღო რუსეთის ყველაზე მკაცრად დაცული მამული. რაც დრონმა ვერ გადაიღო, აღადგინეს 3დ გრაფიკით. ამისთვის კი უკვე ხსენებული ნახაზები და ფოტოები გამოიყენეს, რომელთაც პერსონალი და მუშები მკაცრი აკრძალვის მიუხედავად დროდადრო იღებენ.
გელენჯიკის სასახლეს 15 წელია აშენებენ. ერთი პირობა თითქოს დასრულდა, მაგრამ ტენიანობა ვერ გაუთვალისწინებიათ, ვენტილაცია ვერ გაუთვლიათ – მოკლედ, კედლებს ობი გასჩენია.
ბევრი არ უფიქრიათ, მთელი მარმარილო ჩამოყარეს და თავიდან დაიწყეს. მასალაში ჩანს, რომ მშენებლობა კიდევ მიდის.
ერთერთმა ბიზნესმენმა, სერგეი კოლესნიკოვმა, წლების წინ გამოაქვეყნა სასახლის მშენებლობის დეტალები და დასავლეთში მოხია. კოლესნიკოვი დღესაც ასახელებს პუტინის მეგობრებს, მათ შორის, ყოფილ მძახალს, რომელთა კერძო და სახელმწიფო კომპანიები იხდიან ფულს ამ დიდებულების შექმნაში
გელენჯიკის სასახლეში პუტინს აქვს კარაოკეს დარბაზი, სათამაშო მანქანების დარბაზი, სპორტული დარბაზი, ტატამი, ტრენაჟორების დარბაზი, მრავალნაირი ბარი და თეატრალური დარბაზიც კი. რომელის მაყურებლებსაც ფარდის უკან განმარტოება შეუძლიათ. რა წარმოდგენისთვის ემზადება, ეშმაკმა უწყის…
ახლა კიდევ უფრო გაგაკვირვებთ – წარმოიდგენდით, რომ პრეზიდენტი სახლში პირად კაზინოს აიშენებდა? მან კი აიშენა.
ასაკთან ერთად ეროტიკულ წარმოდგენებში მაყურებლის როლს უფრო იკმარებს, მაგრამ იყო დრო, არაფერს აკლებდა და არაფერს იკლებდა. ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა გამოძიების ერთი ნაწილია – უძვირესი სახლებითა და წლიური 11-მილიონდოლარიანი ხელფასით, რომელსაც რუსეთის უმსხვილესი მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობისთვის უხდიან…
ორი კვირის წინ კი ჟურნალისტებმა ახალი სახელი ამოქექეს- სვეტლანა კრივონოგიხი პეტერბურგელი დამლაგებლიდან უცებ იქცა პუტინის ჯიბის “ბანკ როსიას” აქციონერად და მულტიმილიონერად…
ნავალნიმ ამ ფილმით ძალიან ხმამაღლა და შორს ისროლა. თანაც ციხიდან, სადაც პუტინმა გამოკეტა. გუშინ რუსეთის ქალაქებში გამოსული ხალხის რაოდენობამ დაამტკიცა, რომ იმ ქვეყანაშიც ბევრი დაიღალა და ნავალნი, თუ აცოცხლეს, ასეთების ეროვნულ ლიდერად უკვე იქცა.
მეორე, მესამე თუ ჩემისმეთვრამეტე რუსეთს თმენა მართლა მობეზრებია. იაკუტიაში ხალხი ამ მოწოდების პასუხად გუშინ 52-გრადუსიან ყინვაში გამოვიდა ქუჩაში… სხვა ქვეყანაში ასეთი საგამოძიებო ფილმი აუცილებლად იქცეოდა სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების საფუძვლად… მხოლოდ ისეთში, რომელიც რუსეთზე და სამწუხაროდ, საქართველოზე მეტად ჰგავს სახელმწიფოს.
თენგო გოგოტიშვილი.