“რუსეთი არის ჩვენი მტერი, მაგრამ ამავდროულად, ის ჩვენი მეზობელია და ვიცით, როგორ მოვექცეთ”

რუსეთის მიერ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიდი აჟიოტაჟი და ხმაური მოჰყვა – რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენამ განსაკუთრებით შეაშფოთა დასავლეთი. ექსპერტების აზრით, ეს რუსული ჰიბრიდული ომის და “რბილი ძალის” კიდევ ერთი გამოვლინებაა. ქართული ოპოზიცია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა უარყოს, რადგან რუსული თვითმფრინავების თავისუფლად შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე კარგს არაფერს მოგვიტანს. სულ სხვა პოზიცია აქვთ ამის თაობაზე ოფიციოზის წარმომადგენლებს: ისინი აცხადებენ, რომ მთავარია ქვეყანამ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს და მშვიდობა შეინარჩუნოს… საბოლოო ჯამში კი, არავინ იცის, რას გვიქადის და რაზეა გათვლილი ვლადიმერ პუტინის მოულოდნელი “საჩუქარი”. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ ამ მოვლენას სხვადასხვა პოზიციის მქონე ქართველი პარლამენტარები.

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტი წევრი:

“ამ გადაწყვეტილებით საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდება”

ჩემი მოსაზრება მკაფიო და ნათელია: ქართული სახელმწიფოებრიობის და ჩვენი კონსტიტუციის დარღვევის ხარჯზე, არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ბოლო დღეებში, როცა ამ თემაზე ვკამათობდით, ხელისუფლებას ვახსენებდით კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე დამცველი უნდა იყოს. ოკუპანტები და მათი თვითმფრინავები აქ თავისუფლად რატომ უნდა შემოდიოდნენ? რატომ უნდა დაფრინავდნენ ისინი ქართულ ცაში და რა ესაქმებათ ჩვენს აეროდრომებზე, როცა გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ? ეს ხომ კონსტიტუციის და ქართული კანონების დარღვევაა?

ნუ ამართლებენ ამას რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესებით! – მე ძალიან ბევრ ქართველთან მქონია ურთიერთობა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ისინი ღირსეული ადამიანები არიან და კარგად ვიცი, რომ ყველაფერს შესანიშნავად გაიგებენ.

გაიგებენ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე ამის გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს, ახლა, როცა მთელი მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს, ხოლო პუტინს ყველა სამხედრო დამნაშავედ სცნობს.

სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. სავიზო რეჟიმის გაუქმებით და ფრენების აღდგენით, ნოყიერი ნიადაგი ექმნება იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვეღარ მივიღოთ, ამით საფრთხე ექმნება ჩვენს დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. ეს უკვე გვითხრეს ევროპელმა დიპლომატებმა და ცნობილმა პოლიტიკოსებმა – სხვა როგორ უნდა გვითხრან და აგვიხსნან? ამ გადაწყვეტილებით, უპირველესად, ქართველი ხალხი დაზარალდება, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ხელისუფლებას ეს უხარია. როგორც ჩანს, “ოცნებას” და მის ლიდერებს სულ სხვა გეგმები აქვთ. აბა, რით აიხსნება, რომ კანონი გვაქვს, მაგრამ არავინ ასრულებს, კონსტიტუცია გვაქვს, მაგრამ ყოველდღე თავზე გვახევენ?! შედეგიც შესაბამისი გვაქვს: რუსეთს თანდათან ვუახლოვდებით, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თანდათან ეჭვქვეშ დგება. ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ასეთი უნდა იყოს: კეთილ ინებონ და ქვეყანაში, სადაც ოკუპაციის კანონი მოქმედებს, სადაც ტერიტორიებია დასაბრუნებელი, პატივი სცენ კანონს და ჩვენი სახელმწიფოსთვის მავნებლურ ნაბიჯებს ნუ გადადგამენ!

და კიდევ: მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ტონალობა უნდა შეიცვალონ: მათი თავხედური, უტიფარი ტონალობა ნამდვილად არ გამოდგება იმ ხალხთან სასაუბროდ, რომელსაც რამდენიმე რეფერენდუმი აქვს ჩატარებული და მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასავლური ვექტორის მომხრეა.

ლადო კახაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

“ეს ქვეყანა არის ჩვენი მტერი, მაგრამ ამავდროულად, ის ჩვენი მეზობელია და ვიცით, როგორ მოვექცეთ”

– მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ყველაფერს აბუქებს: სავიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსულ ადამიანებზე თუ თვითმფრინავებზე კონტროლი არ იქნება. გასაგებია, რომ ევროკავშირი, ამერიკა და ყველა, ვინც საქართველოს გულშემატკივრობს, ვინც მის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, შეშფოთებულია, მაგრამ შეგვიძლია ყველას თამამად ვუთხრათ:

ვერც ერთ შემთხვევას ვერ აღმოაჩენენ, სადაც საერთაშორისო ნორმები და წესები იქნება დარღვეული.

საქართველოს ხელისუფლება ხაზგასმით ამბობს და მეც ვუერთდები, რომ ქართული მხარე უსაფრთხოების ნორმებს მკაცრად დაიცავს. მხოლოდ ჩვენი არაკეთილმოსურნეები ამტკიცებენ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლას ცდილობს.

ჯერჯერობით არც ერთი ეს ბრალდება არ დადასტურებულა!

საქართველო ამ გზას მომავალშიც გააგრძელებს – ის მხარს უჭერდა უკრაინელებს, უკრაინას და ამ დიდებული ქვეყნისთვის მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელი იქნება.

ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორ აპირებს ქართული მხარე მოსალოდნელი საფრთხეების გაბათილებას – ამის პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვერც ერთი კომპანია, რომელიც შემჩნეულია საეჭვო გარიგებაში, ან რაღაც საეჭვო ვითარებაში, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვა.

რაც შეეხება თვითონ თვითმფრინავებს: ვერც ერთი შეუმოწმებელი და საეჭვო თვითმფრინავი, რომელშიც საეჭვო მგზავრი, ან შეუმოწმებელი ტვირთი იქნება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შემოვა.

არა მარტო თვითმფრინავები, ყველა კომპანია გაკონტროლდება და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული – ეს ჩვენი სახელმწიფოს და შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობაა. ასე რომ, შემიძლია ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

– ბატონო ლადო, ამ სიტუაციაში რა სარგებელი უნდა მოგვიტანოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნამ და ფრენების აღდგენამ?

– აგიხსნით: ეს სარგებელს მოუტანს ნებისმიერ ქართველს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს – ისინი თავისუფლად, ყოველგვარი ვიზის და დაბრკოლების გარეშე შეძლებენ სამშობლოში შემოსვლას.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს და საყვედურებს, ვერც ერთს ვერ მივიღებ. რატომ? – რუსეთი და რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთთან კუდით არიან გადაბმულნი, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ, ჩვენ კი, ჩვენი საქმე გვაქვს საკეთებელი – საქართველოს განვითარებაზე და მშვიდობიან მომავალზე ვზრუნავთ. ოპოზიციამ რაც უნდა გვიმტროს, ამას ყურადღებას არც ვაქცევდით და არც მივაქცევთ, რადგან ნათქვამია: “კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების”.

მთავარია, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იყოს და ყველა საერთაშორისო ვალდებულება შევასრულოთ, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად გვჭირდება. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ჩვენი არაკეთილმოსურნეები, მათ ყოველთვის დახვდებათ ერთი პასუხი – საქართველოს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. ამის გამო, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას ძალიან ბევრი ადამიანი აფასებს დადებითად.

ჩვენ მართალნი ვართ, რუსეთთან ურთიერთობაში კი ნათელია, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მტერია, მაგრამ ამავდროულად, ის ჩვენი მეზობელია და ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ. თავდაცვის მექანიზმი უკვე ჩართულია: ჩვენი პოლიტიკოსები “ცხელი გულის” კარნახით ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამენ.

ცხადია, ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს მთავრობის საწინააღმდეგოდ იტყვის, მაგრამ ეს მათი საქმეა – დემოკრატიულ ქვეყანაში აზრის გამოთქმას ვერავის დაუშლი, დაე, ილაპარაკონ!

მთავარია, რომ ჩვენი პარტნიორებიც მხარში გვიდგანან და ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა შეკრებაზე, სადაც საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი, ღირსეულად წარვდგებით. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველომ დასავლეთისკენ უნდა ისწრაფოს და ამ ვექტორს არ შევცვლით, დამერწმუნეთ – საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას საფრთხე არ ემუქრება.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share