ნატანების ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამგებელი ავტომობილით პოლიციელს დაეჯახა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

როგორც ნატანებიდან გვატყობინებენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ვალერიან ვაჩეშვილი, საკუთარი ჯიპის მარკის ავტომობილით, საპირისპირო მხარეს მიმავალ, მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილობრივი პოლიციელი აღმოჩნდა.

შემთხვევა გუშინ, სოფელ ნატანებში, ნატანების ყოფილი მაჟორიტარის, დავით სიხარულიძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

თვითმხილველთა მტკიცებით, ნატანების გამგებელი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და მომხდარის შემდეგ პოლიციელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მის ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა.

“მდგომარეობა მოსახლეობის ჩართვის შემდეგ რის ვაი ვაგლახით განიმუხტა. მთვრალი გამგებლის დაშოშმინება ადგილობრივებმა ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ მოახერხეს. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთში მორიგდებოდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი მომხდარი დამალა ” – გვიყვება ერთ ერთი თვითმხილველი.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share