ლელა ნაცვალაძე: “ყველა დაზარალებულს თანხები დაუბრუნდება მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ”

“ყველა დაზარალებული, მიიღებს შესაბამის თანხას და დაუბრუნდებათ მათ ის ფინანსები რაც დაკარგეს, ვაკონკრეტებ ყველა ნამდვილი დაზარალებული”

განაცხადა ლელა ნაცვალაძემ, დღეს “გურიის მოამბესთან საუბარში.

მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას რომ ის მონაწილეობდა ამ თაღლითურ სქემაში.

“პირიქით, მე თვითონ ვარ დაზარალებული, ვარ ბულინგის მსხვერპლი, დამიბლოკეს გვერდები, თავიდან ყველაფერი წარმატებით დაიწყო, მაგრამ მოხდა თავდასხმები, არ მოგვცენ მუშაობის საშუალება. რაც შეეხება ჩემს ქმარს, ეს ტყუილია, ის ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და არანაირად არ მონაწილეობდა ამ საქმეში. მე თვითონ ვარ ადამიანის უფლებების დამცველი და მე როგორ უნდა მაკადრონ “თაღლითის” წოდება. პირიქით აქეთ მატერორებენ.”

აცხადებს ნაცვალაძე.

“მე ამ დღეებში ჩავატარებ ბრიფინგს და წარმოვადგენ ყველა მტკიცებულებას, რომ მართალი ვარ და წარმოვადგენ დოკუმენტაციას თუ რა თავდასხმები ხორციელდებოდა ჩემზე, მაშინ როცა სახლში მომაკვდავი დედა მყავდა, რამდენჯერმე პატრულიც კი გამოვიძახე თავდასხმების მოგერიებისას” დასძინა ქალნატონმა ლელამ.

“ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც ბრალს მდებს, უნდათ ამ თემის პოლიტიზირება, აცხადებენ თითქოს ამაში ადიკო ივანიშვილი მონაწილეობდა, ეს არის არჩვაძე-ზაქარაშვილი დაჯგუფება, მე კი ბატონო, როგორც პოლიტიკოსს რაც უნდათ ის მიწოდონ, მაგრამ არავის არ მივცემ უფლებას ჩემზე, როგორც ადამიანზე ასე ისაუბრონ. მე მადლობელი ვარ რომ ეს თემა წამოსწიეთ, თუმცა ამ დღეებში ყველაფერს მოვფენ ნათელს, ლელა ნაცვალაძის სახელის შეურაცხყოფის მცდელობა ამ ერთ ჯგუფს არ შერჩება, ყველა ნამდვილი დაზარალებული ვინცაა თანამშრომლობს ჩემთან. ყველას აუნაზღაურდება ზარალი, თუმცა ვიმეორებ, ეს გაუგებრობა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცნობმა პირებმა შექმნეს ჩემი ყალბი აქაუნთები, ფეისბუკ გვერდები, ნამდვილი კი დაბლოკეს. გავხდი დიდი შანტაჟისა და თაღლითობის მსხვერპლი” თქვა ნაცვალაძემ.

ცნობისათვის:

ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის – 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძეს, საქართველოს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ.

მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.

ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.

“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share