“გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ – ხელშეკრილებები უკვე გავაფორმეთ 4 ლეგიონერთან, სამი სამხრეთ აფრიკიდანაა და ერთიც ფიჯიდან, ყველა ლეგიონერი, რომლებმაც თავი გასულ სეზონში საუკეთესოდ წარმოაჩინა შევინარჩუნეთ, ასევე კლუბმა კონტრაქტები გააფორმა ყველა ადგილობრივ მორაგბესთან და ვმუშაობთ გაძლიერებაზე, რამდენიმე პერსპექტიულ მორაგბესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ჩვენი მიზანი, ჩვენთვის ისტორიული “დიდი ათის” პირველივე სეზონში საპლეიოფო ზონაში, ანუ მოწინავე ექვსეულში შესვლა იქნება” – გვითხრა ადგილობრივი სარაგბო კლუბ “არწივების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბონდო ღლონტმა.
“არწივები” რომლებმაც საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური პირველი ლიგის მოგების, ანუ გასული სეზონის წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მოიპოვეს (21 მატჩში 21 მოგება), შეკრებას მომავალი თვის, ივნისის პირველი ნახევრიდან დაიწყებენ.
სხვათაშორის ერთი ისტორიული მოვლენა გიშინ “ავჭალაზე” მოხდა, სადაც საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ სპარინგ მატჩში და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში “არწივების” წევრი-ლუკა უნგიაძე – იყო გამოძახებული.
წარმოშობით ჩოხატაურელმა და ქუთაისის სარაგბო სკოლის აღზრდილმა ლუკა უნგიაძემ, გასული სეზონი ოზურგეთის “არწივებში” გაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონიდან ასპარეზობას საფრანგეთში გააგრძელებს.
საფრანგეთიდან “არწივებს” ოზურგეთელი ახალგაზრდა მორაგბე თენგო სკამკოჩაიშვილი უბრუნდება და ის წელს კვლავ ოზურგეთელების ღირსებას დაიცავს-ამჯერად უმაღლეს ლიგაში.
ისევე როგორც გასული წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერები – ბარვინი, ტუვი და ჯავა.
ბონდო ღლონტის თქმით, საბოლოო განაცხადის წარდგენამდე ერთი თვეა დარჩენილი და მუშაობა შემადგენლობის მხრივ აქტიურ ფაზაშია, ამავე დროს კლუბმა ყველა ადგილობრივი შეინარჩუნა და დარბაიძეს, სანიკიძეს, ბერსენაძეს, ჟორჟოლაძეს, დონაძეს ხელშეკრულებები განუახლდა.
“არწივებთან” ერთად იქნება უმაღლეს ლიგაში ასევე, გასული სეზონის ტრიუმფის მთავარი შემოქმედი, გია ამირხანაშვილი-რომელიც კვლავაც გურულთა მთავარი მწვრთნელი იქნება “დიდ ათში”.
“სეზონი ივლისის ბოლოს უნდა დაიწყოს, თუმცა დღეს პლეი ოფის ბოლო მატჩია “არმია” აკადემიას ხვდება და ამის შემდგომ რაგბის კავშირის გამგეობა შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის გამო, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, შესაძლოა სეზონის დაწყებამ ივლისიდან ოქტომბერში გადაიწიოს” – გვითხრა ბონდო ღლონტმა.