ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული. გარდა ამისა, პოზიტიური გზავნილებია მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშშიც.
„ორი მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც პირველივე დღიდან არის წარმოდგენილი და ეხება საქართველოს, ეს არის, ანგარიში იმ სადამკვირვებლო მისიისა, რომელიც ევროსაბჭოდან იყო წარმოდგენილი 31 ოქტომბერს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ანგარიშის დადებითი და პოზიტიური შეფასება არჩევნების მიმართ, რომელსაც ჩვენ აქ ვკითხულობთ. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც მათ გვთხოვეს ყურადღების გამახვილება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაზეც გვაქვს მყარი პოზიცია, რომ ვაპირებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას და იმ რეკომენდაციების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილია ამ ანგარიშში. გარდა ამისა, არის მეორე, მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად იწერება და ეხება ყველა წევრ ქვეყანას და საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ამ ანგარიშშიც. აქაც ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ გზავნილებს, შეფასებებს, იმ მოვლენებისა, რომელსაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი, დაწყებული 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით, დასრულებული არჩევნებით და საბოლოო ჯამში, მოწოდებებით, რომ ოპოზიციამ თავისი მანდატები გამოიყენოს და საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს. სხვათა შორის, არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ ჩვენი კოლეგებისგანაც გვესმის ხშირად ეს საუბარი, რადგან მათ არ ესმით, თუ რა არის რეალური მიზეზი, რატომ ამბობენ ისინი უარს – ფაქტი ერთია, რომ დღეს, რეალურად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადოს საპარლამენტო მუშაობაზე, გარდა იმ რადიკალური ფრთისა, რომელსაც სურვილი აქვს, ისევ ქუჩიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ევროსაბჭო და ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტშიც, არ მიესალმებიან“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.