ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარადოქსია, როცა ევროპას თან ლანძღავენ და თან დახმარებას ითხოვენ მისგან.
„მე რაღაც დახმარებას რომ გთხოვ და თან რომ გლანძღავ, რომც გინდოდეს, ვერ დამეხმარები, რადგან გლანძღავ. ასეთი პარადოქსული სიტუაციაა”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა არგუმენტი, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სანქციები არ დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა ბიზნესის წარმოება რუსეთთან, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა რუსული ნარატივის გასაძლიერებლად.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ღიადაც აღიარებენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მათი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ ადეკვატური არ იყო. იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ, რომ უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით იმის გამო, რაც გააკეთა 2008 წელს, იქნებ თავიდან აგვერიდებინა უბედურებაც, რაც ხდება დღეს. ამის გამოყენება საჩვენოდ შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რომ ეს ჩვენ ყველამ ვიცით და ახლა დამიდექი მხარში და დამიჩქარე ევროინტეგრაციის და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ეს საჩვენოდ გამოსაყენებელია და ამასაც ევროკავშირის და ნატო-ს წინააღმდეგ იყენებს ღარიბაშვილი თუ ხელისუფლება. ამხელა არგუმენტი გვაქვს, რომ გამოვიყენოთ საჩვენო და თან თვითონ აღიარებენ, საუბრებში, სესიები ეძღვნება ამას და იმის ნაცვლად, რომ საჩვენოდ გამოვიყენოთ და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ამხელა არგუმენტი, ამასაც პირიქით იყენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული ნარატივის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.