ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდა არის სხვადასხვა, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი კლიშეების ეკლექტური ნარევი. როგორც საკუთარმა პრაქტიკამ დამარწმუნა, როცა პროპაგანდისტს ან პროპაგანდას აყოლილს ეკამათები, ძლიერ ეფექტურია ამ წინააღმდეგობების გამოკვეთა და გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე წარმოჩენა.
ახლა კონკრეტულად: არსებობს ორი პროპაგანდისტული კლიშე ა) ამერიკას უნდა რუსეთის დასუსტება, ამიტომ აომებს უკრაინას რუსეთთან და ამავე მიზნით უნდა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში; და ბ) ამერიკას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენ რა მოგვივა, მაშინ როცა ამ დროს რუსეთთან ომს ქვეყანა ვერ გაუძლებს.
ეს ორი თეზისი არის არსებითად წინააღმდეგობრივი. კერძოდ:
ა) თუ ამერიკას რუსეთის დასუსტება უნდა, მაშინ ის არ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვოს, არა? მართლაც და რუსეთმა თუ დაგვიპყრო და მთელ სატრანზიტო ენერგომარშრუტებზე კონტროლი დაამყარა, ეს რანაირად იქნება ამერიკის და ევროკავშირის ინტერესში? რა ჩათლახი და დებილიც არ უნდა იყოს შენი ოპონენტი ამის უარყოფა შეუძლებელია.
ბ) ასევე შეუძლებელია სახელისუფლო პროპაგანდისტმა ან პროპაგანდას აყოლილმა უარყოს ის აზრი, რომ ჩვენ რუსეთს ომს ვერ მოვუგებთ და აქ რომ ატყდეს საბრძოლო მოქმედებები, ძალიან მალე ვიქნებით სრულად ოკუპირებულები. უარყოს კი არა ამას თვითონ ამტკიცებენ ხოლმე. ცხადია აქ იმის უარყოფაც შეუძლებელია, რომ საქართველოს დაპყრობით რუსეთის პოზიციები დასავლეთთან დაპირისპირებაში გაძლიერდება.
ჰოდა, ამ ყველაფრის მერე, როდესაც ოპონენტი დაგეთანხმება როგორც “ა” ისე “ბ” პუნქტზე, უნდა დასვა მკვლელი შეკითხვა: თუ ამერიკას უნდა რუსეთი დაასუსტოს და თუ ჩვენთან ომის შედეგად რუსეთი კი არ დასუსტდება, არამედ გაძლიერდება, გამოდის, რომ ამერიკას არ აწყობს საქართველოში ომი, არა?
ასევე საკუთარი (არაერთჯერადი) პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ “ა” და “ბ” პუნქტებზე დათანხმების შემდეგ ამ კითხვის მოსმენისას ოპონენტს ემართება დაახლოებით ისეთი რამ, რასაც კომპიუტერის დაკიდებას ვეძახით, შეშდება და სიტყვას ვერ ძრავს.
ან კი რა უნდა თქვას? უი, თურმე ვცდებოდი და მე ვარ დებილიო რომ თქვას, უტყდება და სხვა აქ არც არაფერია სათქმელი. ისე, ერთმა ის კი აღიარა, არ ყოფილა ამერიკისთვის აქ ომი მომგებიანიო, მაგრამ იქვე დაამატა ვაშინგტონში ეს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათო. ანუ მე კი არა ამერიკაა დებილიო, იმის მტკიცება დაიწყო.
ასე, რომ თუ მოგიწიათ სადმე მსგავს თემაზე კამათი (არადა ისე მოდებულია ხელისუფლების ეს უგვანი პროპაგანდა მთელ ქვეყანას, რომ შეუძლებელია არ მოგიწიოთ), თამამად შეგიძლიათ დასვათ ზემოთ ნახსენები სამეტაპიანი კითხვა და ბოლოს დატკბეთ ოპონენტის, როგორც კომპიუტერული პროგრამის “დაკიდებით” – წერს პოლიტიკური ექსპერტი დავით ზურაბიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.