”ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რა უყონ ამ უბედურ „ოცნებას“, რომელიც „შავ ჭირად“ თავს მოეხვია საქართველოს და მთელ ევროპასაც, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ ეს არის ქართველი ხალხის 30-წლიანი ბრძოლის დამსახურება.
მისი თქმით, გასაკვირია, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რატომ არაფერი თქვა არსებით საკითხებზე.
„თუ საქართველოში მომდევნო წლის არჩევნები ამ სასამართლო „კლანის“ პირობებში ჩატარდა, ამ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებით და „ქართული ოცნების“ ყველა ნაცადი ხრიკების გამოყენებით, თან მედიის ზეწოლის პირობებში, რა თქმა უნდა, ევრო რეკომენდაციის მოთხოვნების ფორმალურად შესრულებას არანაირი ფასი აქვს. მე მიკვირს, რომ ყველაზე არსებით საკითხებზე, რატომ არაფერი თქვა ქალბატონმა პრეზიდენტმა? – როდესაც ის ასეთი მონდომებით საუბრობს ევროპულ პერსპექტივაზე, ეს პერსპექტივა ერთადერთ ხაზზე გადის – ეს არის საქართველოს დემოკრატიული რეფორმებს დაწყება. სხვა არაფერი არ არსებობს.
საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საკითხი ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს ესმის.
შემოდგომას, როდესაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს საკითხი, ვისურვებდი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იყოს დათქმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის 30 – წლიანი ბრძოლის დამსახურება. დათქმაში უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ” არ გამოიყენოს სათავისოდ და არ აფრიალოს დროშად.
ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რა უყონ ამ უბედურ „ოცნებას“, რომელიც შავ ჭირად თავს მოეხვია საქართველოს და მთელ ევროპასაც“, – განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვაზე, შეეწყალებინა თუ არა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ახვლედიანი პასუხობს, რომ შეწყალების აქტის არგამოცემის გადაშორებული ყოველი დღე, არის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა და ეს მის „სინდისზეა“.
მისი თქმით, პრეზიდენტს დღეს კი არ უნდა შეეწყალებინა გვარამია, არამედ გუშინ.
„მე არ ვიცი, რა არის ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაცია. რით ხსნის საკუთარ თავთან თუ რატომ არ შეიწყალა. ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი: შეწყალების არ გამოცემის გადაშორებული ყოველი დღე, ეს არის ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა და მის სინდისზეა. დღეს კი არ უნდა შეეწყალებინა, არამედ გუშინ. მე ვერ გეტყვით, რას ელოდება, რა გახდა ასეთი. მაშინ, გამოვიდეს და საზოგადოებას პირდაპირ უთხრას, იქნებ ჩვენი დასაცავია პრეზიდენტი, იქნებ ისეთ რამ ხდება, რომ წარმოუდგენელ ვითარებაშია, მაგრამ მე ამას გამოვრიცხავ.
გვარამიას საკითხში არავითარი გამართლება არ აქვს პრეზიდენტს“,- განაცხადა ახვლედიანმა.
მან ასევე შეაფასა GLOBSEC-ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები.
ახვლედიანის თქმით, პრემიერი იმდენად „ტოქსიკური გახდა, რომ არასად გაიშვება“.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა მთელი ერისთვის სირცხვილი იყო.
„ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო პრემიერი იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ არასად გაიშვება. რაც გუშინ ბრატისლავაში თქვა და მანამდე რაც ბუდაპეშტში თქვა, ეს არის თავის მოჭრა, მთელი ერისთვის სირცხვილი. ღარიბაშვილს არ აქვს უფლება ჩვენი სახელით ილაპარაკოს, იმიტომ რომ საქართველოს არჩევანია ევროპული, დემოკრატიული და არა ღარიბაშვილის და ივანიშვილის „კლანის“ ქვეშ მყოფი და ასევე კობახიძის გაუგებარი იდეოლოგიის ქვეშ მყოფი.
მათ სურთ, რომ საქართველო იყოს ე.წ. მათი წარმოდგენით სუვერენული, ნეიტრალური, ვასალური, განუვითარებელი და „კლანების“ მმართველობის ქვეშ, ვაი სახელმწიფო. ეს არის მათი პროექტი“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ინტერპრესნიუსი