1 ივნისს მოლდოვა, ევროპის 50 ქვეყნის ლიდერთა მასშტაბურ სამიტს მასპინძლობდა, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის საგანგებო ძალისხმევის დემონსტრირებად შეფასდა. სამიტის მთავარი თემა კვლავ უკრაინა იყო. ექსპერტები შიშობენ, რომ საქართველო “ასოცირების ტრიოს” კონტესტიდან ამოვარდა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც კიშინიოვშიც გაიმეორა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო მორიგი უარი „მორიგი უსამართლობა” და “ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა“ იქნება.
ევროპელი პარტნიორები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ რეფორმებს ახსენებენ.
მოლდოვა – პატარა, ღარიბი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილზეც [დნესტრისპირეთი], საქართველოს მსგავსად – რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას, ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოზე წინ არის; უკრაინის მსგავსად, კანდიდატის სტატუსს ფლობს და ახლა უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასაც ცდილობს.
საით მიდის მოლდოვა?
ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი 50-მდე ქვეყნის ლიდერმა, ევროპული სტრუქტურების, ინსტიტუციების ხელმძღვანელებმა და მედიის ასეულობით წარმომადგენელმა 1 ივნისს თავი მოიყარეს მიმის ციხესიმაგრეში (Mimi Castle), რომელიც კიშნიოვიდან – 35, ხოლო უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული.
საერთაშორისო ექსპერტები და მედია აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბის სამიტის მასპინძლობა ძალიან დიდი შანსია პატარა ქვეყნისთვის, რომელმაც შარშან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
მოლდოვის სტუმრებს შორის იყო ყველა, ვინც არცთუ შორეულ მომავალში უნდა გადაწყვიტოს – გადავა თუ არა შემდგომ ეტაპზე და დაიწყება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნიკუ პოპესკუმ მედიას უთხრა, რომ მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომაზე ელოდებიან და სამიტი წარმოადგენს „იმის ჩვენებისა და ახსნის შესაძლებლობას – რომ მოლდოვა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას“.
საყურადღებოა ფინანსური დახმარებაც.
ბრიტანული „გარდიანი“, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვამ რეფორმების კუთხით „კარგ პროგრესს“ მიაღწია – ევროკავშირი ქვეყნის გასაძლიერებლად ასამმაგებს ფინანსურ დახმარებას და შარშან გამოყოფილი ერთი მილიარდის გარდა, კიშინიოვს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კიდევ 1.6 მილიარდი ევრო.
„საოცარია იმის ხილვა, რომ ყველა წნეხის მიუხედავად, მოლდოვა წინ მიიწევს – სწრაფად და ხარისხიანად“, – გამოცემას ურზულა ფონ დერ ლაიენის ეს სიტყვებიც მოჰყავს.
რუსეთის მხრიდან ძლიერი წნეხისა და ქვეყნის შიგნით პრორუსული ძალების აქტიურობის მიუხედავად, როგორც კიშინიოვი აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მოლდოვამ მაინც შეძლო„მშვიდობისა და სტაბილურობის“ შენარჩუნება და აგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებსაც.
აპრილში, როცა EPC-ს სამიტზე ლაპარაკობდა, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ „ევროპული ქვეყნები არ მიატოვებენ მოლდოვის რესპუბლიკას, არცერთ ვითარებაში. მშვიდობა და დემოკრატია დაცული იქნება ჩვენს ქვეყანაში“.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა, ქვეყნის კონსტიტუციით, ნეიტრალური ქვეყანაა და დეკლარირებულად არ მიისწრაფვის ნატოსკენ, რამდენიმე დღის განმავლობაში მის ცას ნატო იცავდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტის გამო, ნატოს საჰაერო სადაზვერვო და კონტროლის სისტემის (NATO AWACS) თვითმფრინავები მოლდოვის საჰაერო სივრცეს 31 მაისიდან 2 ივნისამდე იცავდნენ.
AWACS-ის თვითმფრინავების სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვან შემთხვევებში ხდება – იქნება ეს ნატოს სამიტი, ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირები თუ ოლიმპიური თამაშები.
„თეთრი შურით მშურს მოლდოვის…ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა დღეს ამ მნიშვნელოვან სამიტს მასპინძლობს და ამზადებს პოლიტიკურ ფონს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის… სულ ცოტა ხნის წინ საქართველოზე გაცილებით უკან იყო და დღეს სასწაულ პროგრესს აჩვენებს“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების იმედგაცრუებული წუხილის მოსმენა უწევს.
სასწაულის იმედზე?
თენგიზ ფხალაძეს წუხს, რომ საქართველო არსებულ შესაძლებლობებს არ იყენებს და იმავე EPC სამიტზე, ქვეყანა არ იყო წარმოდგენილი „ასოცირების ტრიოს“ [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] ფორმატში, რაც „თავის დროზე ბათუმში დაფუძნდა და რაზეც დიდ იმედებს ვამყარებდით“, „ახლა კი საქართველო, სამწუხაროდ, ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია“.
„შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ სამიტზე მიგვიწვიეს?!…. კი, ჯერჯერობით მიგვიწვიეს… მაგრამ სამწუხაროდ – დღეს საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი… თუ არაფერი გამოსწორდა, ამ ვითარებაში, სასწაული უნდა მოხდეს, რომ – კანდიდატის სტატუსი მივიღოთ… მართლა [ღვთისმშობლის] წილხვედრობის იმედზე ვართ“, – გვეუბნება ფხალაძე.
ევროკავშირის ლიდერები საქართველოს რეფორმების შესრულების აუცილებლობაზე 1 ივნისს, მოლდოვის სამიტის ფარგლებშიც მიუთითებდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი მედიასთან იმეორებდა – რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის და მორიგი უარი „მორიგი უსამართლობა იქნება და ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა.“
„მე მათ [სამიტის მონაწილეებს] ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი.
ვუთხარი, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
- სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად, დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო
- 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC) ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციები მოჰყვა. კერძოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ნატოსკენ კიევის სწრაფვა წარმოადგენდა. იგივე გაიმეორა მან 1 ივნისსაც, ჟურნალისტებთან საუბრისას.
თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, „მაგრამ არა იმ ტიპის პარტნიორი, რომლის გამოც თვალს დახუჭავენ, საკუთარ ღირებულებებზე და საკუთარ პრინციპებზე“.
- საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა; თუმცა საკითხმა განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო ბოლო თვეებში – „აგენტების კანონის“ დამტკიცების მცდელობის ფონზე და ახლა უკვე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კუთხით.
თბილისი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას უკვე დიდი ხანია არ იზიარებს და კრიტიკოსებს ძირითადად „რადიკალური ოპოზიციის“ მოკავშირეებს არქმევს.
პრემიერ-მინისტრის გულისწყრომა დღეს ამ მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიმსახურა, როცა მან ბელარუსი და საქართველო ერთ კონტექსტში ახსენა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან“, – ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილს პასუხი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი კომენტარები დაემატა.
რადიო თავისუფლება