გუშინ “გურიის მოამბემ” გაავრცელა ფოტოები, თუ რა მდგომარეობაა გურიის ადმინისტრაციული ცენტრის ცენტრალურ უბნებში “დასუფთავების სამსახურის” მიერ ამ ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანის დაგვიანების გამო.
რედაქცია დაინტერესდა, თუ რატომ არ ხდება, ამ სამსახურის მიერ, ქუჩების დასუფთავება ბოლო დღეების განმავლობაში და გავარკვიეთ, რომ ამის მიზეზი, ამ სამსახურის თანამსრომლების 95% ის ლიხაურში – კერძოდ სოფელ აჭში მობილიზება გახდა.
რა ხდება აჭში? როგორც რედაქციას აცნობეს, დღეს ოზურგეთს – პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ოჯახთან ერთად სტუმრობს.
მიზეზი-მისი მეუღლე, ერთ ერთი ოზურგეთელ ბავშვს, მისი მეგობრის შვილს ნათლავს, პარლამენტის თავმჯდომარე კი რამდენიმე საათით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში, გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის მიერ, მისი გუბერნატორობის დროს აშენებულ სასახლეში მოისვენებს.
აქედან გამომდინარე ავთანდილ თალაკვაძის (ოზურგეთის მერი) ბრძანებით, ა(ა)იპ “ოზურგეთის მომსახურების ცენტრი” მთელი შემადგენლობა, ორი დღეა ლიხაურის გზას, გია სალუქვაძის სასტუმროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს და ალაგებს-რადგან გზად მიმავალი პარლამენტის თავმჯდომარის ფიქრები “მაღალმა ბალახმა” (გვიმბრამ) – ანაც “ცხენის ჩონჩორიკმა” არ დაარღვიოს – ოზურგეთი კი, ამის გამო ისჯება და ბოლო ორი დღეა “ნაგავშია”.