სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 1.5% შეადგინა.
ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3.3%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 7.1%-ით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 3.7%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 11.1%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 5%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 1.7%-ით, ხოლო განათლება 6.8%-ით.
საქსტატის მტკიცებით, გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტი 12.9%-ით გაიაფდა, ჯანდაცვა – 7.5%-ით.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9.7%
- რძე, ყველი და კვერცხი + 9.3%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 7.1%
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 6.3%
- თევზეული + 6%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 4.6%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 2.2%
- პური და პურპროდუქტები + 1.8%
საქსტატის მონაცემებით, ფასი 17%-ით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე, ხოლო 12%-ით – ხილსა და ყურძენზე.
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით, რაც
0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (12.5%), სხვა
სახის მომსახურება (92%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფი: ფასები გაიზარდა 7.1%-ით, რაც 0.48
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5%) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9%-ით, რაც -1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ( -20.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.4%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.5%-ით, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7%).