ქუთაისის აეროპორტთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი მოსკოვი-ქუთაისის რეისს აპროტესტებენ.

„პირველი რეისი 2 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ ავიაკომპანიამ რეისი ვერ შეასრულა ლოჯისტიკური პრობლემების გამო, მომსახურე კომპანია არ ჰყავდათ და შემდეგ უკვე გადაწიეს 15-16 ივნისისთვის და ვაპირებდით ჩვენ აქციის ჩატარებას, მაგრამ როგორც დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, დღეს 23:30-ზე დაეშვება პირველი რეისი და შესაბამისად აქ ვართ, ველოდებით, კიდევ გზაში არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან ქუთაისის აეროპორტში მოსკოვი-ქუთაისის რეისის გასაპროტესტებლად.

არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ ყველაფერს, ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ აქ საუბარია ოკუპაციაზე და “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე. ის, რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება, არ შეიცავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნებს და ვაპროტესტებთ ამას. უნდა იცოდეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, რომ ყველგან, სადაც ჩვენ საშუალება გვექნება, ყველგან გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებებს”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თემურ ცამციშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share