პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის „რთული სიყვარულია“ – გიგი წერეთელი

ჩვენ მოწმენი ვართ პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის გაუთავებელი ბრძოლის, მათ შორის „რთული სიყვარულია”, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებებით განვითარებული პროცესები.

როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „შეკრეჭილი ძალაუფლების” პირობებში, ცდილობს თავისი ადგილი მონახოს.

„სენტიმენტები განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როდესაც ისეთ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, რომელიც „ქართულ ოცნებას” არ მოსწონს. მათ მიაჩნიათ, რომ რადგან ზურაბიშვილი პრეზიდენტად გაიყვანეს, ყველაფერი უნდა შეასრულოს.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს „შეკრეჭილი ძალაუფლების” პირობებში, რაღაც თავისი ადგილი მონახოს. ბრიუსელში ზურაბიშვილის მთელი გამოსვლა იყო იმაზე, თუ როგორ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მარტო იმიტომ, რომ რაღაც გეკუთვნის, ყველგან ვერ შეხვალ”,- განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რა თამაშიც შეუძლია იმ როლს არ თამაშობს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი წინა საარჩევნოდ ვაჭრობის საგანი იქნება.

„გავიგეთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ამას გამაგრება სჭირდება. ამ გამაგრებას , რაც ხელს უშლის ის ბერკეტი , რომელიც ზურაბიშვილს აქვს, არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგენა, არამედ ის, რასაც მთელი საქართველო და პარტნიორები ეუბნება, თვითონ ამბობს: „ამას მე ნუ შემძახებთ”.

ზურაბიშვილისთვის ქულებისთვის და ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილის მომტანი იქნება ამ ვითარების განმუხტვა: ნიკა გვარამიას გათავისუფლება და სააკაშვილთან გადაწყვეტილების მიღება. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება” ყველა ამ პროცესს არჩევნებამდე მიათრევს, რაღაც სავაჭრო კარტები აქვთ. გვარამიას საკითხი, ვაჭრობის საგანი იქნება, ასევე სააკაშვილის საკითხიც”,- განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, რა შეიძლება „ქართულმა ოცნებამ” წინა საარჩევნოდ ოპოზიციასთან ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭროს, წერეთელი ასე პასუხობს: „არ ვიცი. საარჩევნო ბარიერის თემა ხომ იყო ვაჭრობის თემა: „კარგად თუ მოიქცევით, დავწევთ ბარიერს”. იტყვიან: „თუ კარგად მოიქცევით, არ გადავიყვანთ ციხეში”. ასეთი, რაღაცების კადრება შეიძლება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share